"აგენტების კანონს" ამჯერად ლავროვი გამოესარჩლა

19-04-2024 15:48:20 პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინისა და კრემლის აქტიური პროპაგანდისტების კვალდაკვალ, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ "აგენტების კანონს" მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უცხადებს.

თავის პროპაგანდისტულ სიტყვაში ლავროვმა "ქართული ოცნების" მიერ ფართოდ გამოყენებული არგუმენტები ახსენა. კერძოდ, ის პროექტს აკავშირებს ამერიკულ და ფრანგულთან და ამბობს, ისინი უფრო მკაცრია. ამასთან, ირონიულად იხსენიებს საქართველოს პრეზიდენტს.

„საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ყველაზე რბილია და თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთსა ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და ამ ფულით რაღაცას არასწორად აკეთებ. ქართული კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“ მხოლოდ თანხების დეკლარირებას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს“, - თქვა ლავროვმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან.

საქართველოში მიმდინარე აქციებს ბოლო დღეებია, აქტიურად ეხმიანებიან კრემლის პროპაგანდისტები. ისინი საუბრობენ ტრადიციული პროპაგანდისტული გზავნილებით, კერძოდ, "გარედან მართულ" პროცესებზე, "მაედანზე", "სუვერენიტეტის დაკარგვის" მცდელობაზე.

16 აპრილს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის.

მისი განცხადებით, „საქართველოს, ცხადია, შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო პროტესტის ფონზე. ათასობით ადამიანი სამი დღეა, პროექტის უკან გაწვევას მოითხოვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები