დეგნანი: "აგენტების" კანონპროექტი დააბრუნეს იმისთვის, რომ არავინ იყოს "ოცნების" კრიტიკოსი ან გააკეთოს კომენტარი ოქტომბრის არჩევნების სამართლიანობაზე"

19-04-2024 15:25:39 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნების” მიერ "აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების ფაქტს ეხმიანება და ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„ახლა ქართველები ისევ ქუჩაში არიან, როცა მმართველი პარტია პარლამენტში ამ რუსული სტილის კანონპროექტის ინიცირებას ახდენს. გუშინ პირველი მოსმენით მიიღეს და არ გამიკვირდება, თუ ხალხის ნების მიუხედავად, ეს პროცესი ბოლომდე გავა. ვფიქრობ, რომ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შესაძლოა, ხელახლა შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები",– განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, დიპლომატმა.

დეგნანი მიიჩნევს, რომ "კანონპროექტი დააბრუნეს იმისთვის, რომ არავინ იყოს მათი კრიტიკოსი ან გააკეთოს კომენტარი ოქტომბრის არჩევნების სამართლიანობაზე".

"სხვა ახსნა ნამდვილად არ მაქვს იმ კანონის აღდგენის საბაბზე, რომელიც საზოგადოებამ ასე სერიოზულად უარყო", – დასძინა მან.

"ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით და მაგალითებით, როცა თავისუფლებისმოყვარე ქართველებმა, თქვეს „საკმარისია”. არ ვიცი, რა გამოიწვევს ასეთ ბრძოლას ამჯერად, შესაძლოა, ეს იყოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ ან კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში, ან სრულიად სხვა რამე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებლობის სულისკვეთება კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს”, – განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, დიპლომატმა.

მან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ოლიგარქად” მოიხსენია.

„სხვა ყოფილი ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ჰყავს საკუთარი ოლიგარქი, რომელსაც მიზანმიმართულად აქვს გადაწყვეტილი, შეინარჩუნოს მის სასარგებლოდ მომუშავე სტატუს-კვო და აქვს ენდემური კორუფცია, ძირითადად, მაღალ დონეზე. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს აქვს ერთპარტიული მმართველობა და დიდი პერსონალიების პოლიტიკა, რაც ასევე საბჭოთა სისტემის მემკვიდრეობაა. საბედნიეროდ, ასევე ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ახლა ისიც დარტყმის ქვეშაა. ეს კანონი ხალხმა კატეგორიულად უარყო ერთი წლის წინ, როცა ათი ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში, რათა უარი ეთქვა კანონზე, რომელიც შექმნილია ხელისუფლების კრიტიკოსების გასაჩუმებლად და ნებისმიერმა თქვენგანმა, ვისთვისაც ცნობილია რუსეთში მიღებული მსგავსი კანონის გავლენა, იცის, რომ ამ კანონმა განდევნა სამოქალაქო საზოგადოება რუსეთიდან ან მთლიანად ჩაახშო” – განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, დეგნანმა.

ყოფილი ელჩი ასევე გამოეხმაურა ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამოტანილ განაჩენს და შეწყალებაზე პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას:

„ახალგაზრდა მომიტინგისთვის უნდოდათ, რომ მიესაჯათ 10 წელი მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის შარშან საპროტესტო აქციებზე კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციებისას. ეს იყო გამიზნული გზავნილი ახალგაზრდებისთვის, რომ სახლში დარჩენილიყვნენ პროტესტების დროს, რადგან თუ ასე მოიქცევით, 10 წლით ციხეში აღმოჩნდებით. ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა სწრაფად შეიწყალა ის და ახალგაზრდებს გზავნილი გაუგზავნა, რომ მე თქვენ გვერდით ვარ”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები