შეიარაღებული დაპირისპირება ვაკეში – ბრალი ერთ პირს წარედგინა

19-04-2024 14:53:33

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 17 აპრილს ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ მომხდარ კრიმინალურ აქტს, რა დროსაც სამი ადამიანი დაჭრეს.

ორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებული ვ.ს. დაედევნა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახითაფო დაზიანება მიაყენა თავის არეში.

სამივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ორი პირის, მათ შორის ს.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციაში გადის მკურნალობას.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები