"აგინებდა, აფურთხებდა სახეში, ემუქრებოდა, უღებდა ტელეფონით" – ადვოკატის ცნობით, ყველა დაკავებული სასტიკად ნაცემია

19-04-2024 12:41:08 საზოგადოება ,სამართალი

16–17 აპრილს "აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეეებზე ძალადობაზე საუბრობს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი".

იმ 13 დაკავებულიდან, რომელთა უფლებებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტები იცავენ, 12, DRI-ის დირექტორის თქმით, სსტიკად ნაცემია – დაკავებულებს აღენიშნებათ სხეულის მძიმე დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა, ყბის ტრავმული ართრიტი, ზედა და ქვედა კიდურების დაზიანება, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა, სილურჯეები, კოპები, ნახეთქი ჭრილობები. ორი მათგანი ამ დრომდე კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

DRI-ის ცნობით, უკანონო და არალეგიტიმური ძალის გამოყენების დროს, შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის პროცესში, დაკავებულებმა დაკარგეს ან დაუზიანდათ პირადი ნივთები, მათ შორის, დაკარგულია ორი მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი, სათვალე. დაზარალებულთა ჩვენებების მიხედვით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების კანონით დადგენილი წესით იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ისინი არ ატარებდნენ სავალდებულო მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის თანახმად, დაკავებული პირი პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს. უკიდურეს შემთხვევაში, მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლებელია ერთჯერადად გახანგრძლივდეს, თუმცა არა უმეტეს 24 საათისა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ არც ერთი დაკავებულის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც შეუძლებელი იქნებოდა დაკავებიდან პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში“- აცხადებენ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“.

ორგანიზაციის შეფასებით:

  • დაკავების ვადის 48 საათამდე გახანგრძლივება ემსახურებოდა დემონსტრანტების დასჯას, მათთვის მიყენებული ძლიერი ფიზიკური ტკივილის გახანგრძლივებას ან/და მათი დაზიანებების საზოგადოებისთვის დამალვის მცდელობას;
  • 16-17 აპრილს დაკავებულების მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.

DRI მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების მონაწილეების უკანონო დაკავებები, შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება - უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა.

ორგანიზაცია ასევე, მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროდ გავრცელებული ვიდეოკადრებით დასტურდება დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი, შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ საქმის წარმოება და მიუთითოს მათი დაკავების უკანონობაზე.

DRI მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სრულყოფილად, ობიექტურად და გონივრულ ვადაში გამოიძიოს შსს-ს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ძალადობის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკანონოდ დაკავებულ დემონსტრანტებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი”.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც ამ დრომდე კლინიკაშია, ყვება, რომ მასზე პირადად სპეცრაზმის მეთაურმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ იძალადა. იურისტები ამბობენ, რომ შსს-ს ამ დრომდე სასამართლოსთვის არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებდა.

“მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც ამჟამად იმყოფება ბოკერიას სახელობის კლინიკაში, არის მძიმედ დაშავებული. ის პირდაპირ აღნიშნავს, რომ მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება "რობოკოპებთან" ერთად განახორციელა ზვიად ხარაზიშვილმა, ე.წ. ხარებამ (სპეცრაზმის ხელმძღვანელი). ფიზიკური ანგარიშსწორების შემდგომ "ხარება" მივიდა მასთან (დაშავებული პერიოდულად კარგავდა გონებას), მიმართავდა გინებით, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში და ემუქრებოდა ანგარიშსწორებით. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” შეფასებით, ჩვენი ყველა დასაცავი პირი იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. მათი მისამართით ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურ ძალადობას და მუქარას”, - განაცხადა ადვოკატმა ანა გახოკიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები