ევროკავშირი უკრაინას კიდევ 6 Patriot–ს მიაწვდის

19-04-2024 11:02:55 მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინას კიდევ 6 პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე მიიღეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

როგორც უკვე ცნობილი იყო, გერმანია უკრაინას თავისი რეზერვიდან გარდა უკვე მიწოდებული ორი სისტემისა, კიდევ ერთ "პატრიოტს" მიაწვდის. ახალი 6 სისტემა უკრაინას მიეწოდება ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც შოლცმა არ დაასახელა.

”იმედი მაქვს, ყველა რაც შეიძლება სწრაფად დაასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რადგან დრო მთავარია,” - თქვა შოლცმა.

„პატრიოტის“ გარდა, გერმანია უკრაინას IRIS-T და Skynex საჰაერო თავდაცვის სისტემებს და მათთვის საბრძოლო მასალას გაუგზავნის.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დაიცვას თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსული დაბომბვისგან.

არაერთმა გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა და თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გაუგზავნეს წერილი ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორებს თხოვნით, სასწრაფოდ განეხორციელებინათ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემების ინვენტარიზაცია და მიეწოდებინათ უკრაინისთვის რაც შეიძლება მეტი მათგანი.იმავდროულად, ბერბოკმა ადრე თქვა, რომ "პატრიოტის" სისტემების გერმანული მარაგი „ძირითადად ამოწურულია“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ჟოზეფ ბორელმა მიმართა G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მოწოდებით, დაეხმარონ უკრაინას ენერგეტიკული ობიექტების დაცვაში შესაბამისი იარაღის მიწოდებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები