მასშტაბური შეტევა ისრაელზე და აფეთქებები ირანში – ახლო აღმოსავლეთი ომის ზღვარზეა

19-04-2024 09:40:22 მსოფლიო

ირანის მიერ ისრაელზე მასშტაბური შეტევის განხორციელებიდან 5 დღის შემდეგ ირანში აფეთქებების შესახებ იუწყებიან. კერძოდ, დღეს, 19 აპრილს ირანის ქალაქ ისპაანის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში, რომლის მახლობლად მდებარეობს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, ძლიერი აფეთქებები იყო.

ირანის სახელმწიფო მედია სამი აფეთქების შესახებ იტყობინება. მისი ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა რამდენიმე ლოკაციაზე მას შემდეგ, რაც აფეთქებები ისმოდა საერთაშორისო აეროპორტთან და ისპაანის პროვინციაში სამხედრო ბაზასთან ახლოს".

"ირანის ტერიტორიაზე დარტყმა ისრაელმა განახორციელა", – იუწყება CNN აშშ–ის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით და დასძენს რომ "ახლო აღმოსავლეთი ომის ზღვარზეა".

ისრაელს ოფიციალურად ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

რას ამბობს ირანი

ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა იყო.

"ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი უპილოტო საფრენი აპარატი წარმატებით ჩამოაგდეს, ამ დროისთვის სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს", – წერს ქვეყნის "კიბერსივრცის ეროვნული ცენტრის" პრეს–სპიკერი ჰოსეინ დალირიანმა სოციალურ ქსელ X-ში.

თავდასხმის შემდეგ სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისპაანის ირგვლივ ყველა ობიექტის, მათ შორის მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება დაცულია.

რა იყო დარტყმის სამიზნე

რა იყო დარტყმის სამიზნე ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა CNN-ს, რომ თავდასხმის სამიზნე ბირთვული ობიექტები არ ყოფილა.

სახელმწიფო მედიის ცნობით, შესაძლოა, სამიზნე სამხედრო რადარი ყოფილიყო.

რატომ დაიძაბა ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ინფორმაციით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ირანის ცნობით, თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა. სირიაში მომხდარის გამო თეირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის ცნობით, ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99%–ის განეიტრალება მოკავშირეებთან ერთად შეძლეს. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ირანის დარტყმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა 32 პირი.

ირანის თავდასხმის შემდეგ ისრაელის ხელისუფლება განიხილავდა, რა მასშტაბის პასუხი უნდა გაეცა ისლამური რესპუბლიკისთვის და როდის.

რას ამბობს ისრაელი

"ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ამ დროისთვის კომენტარი არ აქვთ“, – იუწყება CNN, რომელიც აცხადებს, რომ შესაბამისი კითხვით მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც ირანში აფეთქებები მოხდა.

რას ამბობს აშშ

CNN–ის ცნობით, ისრაელის მოკავშირეები, მათ შორის შეერთებული შტატები, მოუწოდებენ ისრაელს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ რეგიონული ომი.

ამერიკელი ოფიციალური პირების თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.

როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები

რა მოხდება ამ აფეთქებების შემდეგ, ეს ასევე გაურკვეველი რჩება. აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განუცხადა CNN-ს, რომ "თუ ისრაელი ირანის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს, მისი პასუხი იქნება მყისიერი და უმკაცრესი“.

”თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთხელ ჩაიდენს სერიოზულ შეცდომას, ჩვენი პასუხი მათთვის გადამწყვეტი, საბოლოო და სამწუხარო იქნება", – დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები