ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 11-14 აპრილი

19-04-2024 09:29:01 კონფლიქტები

რუსეთი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის შეცვლას ითხოვს

აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, როგორც მედიატორი, შვეიცარია სანდოობას კარგავს. „ამის ფონზე, რუსული მხარე იძულებული გახდა, დაეყენებინა კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანის საკითხი, რომლის ხელისუფლება თავს შეიკავებს ნებისმიერი მონაწილის ინტერესებისთვის დამაზიანებელი ქმედებებისგან“, - აღნიშნა ზახაროვამ. მისივე განცხადებით, რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოთქვა მის ტერიტორიაზე მოლაპარაკებების გამართვისთვის მზადყოფნა. „არ მსურს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარე კონსულტაციების შედეგებზე წინასწარ ვისაუბრო. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ რუსული მხარე გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის რაუნდების გადატანის საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად ჩვენი აფხაზი და ოსი მოკავშირეების აქტიური მხარდაჭერით, რომლებიც სრულად იზიარებენ მოსკოვის პოზიციას“, - ხაზგასმულია ზახაროვას განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ დაადასტურა, რომ სოხუმი და ცხინვალი მხარს უჭერენ ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ქვეყანაში გადატანას. მისი განცხადებით, მოსკოვის პრეტენზია შვეიცარიის მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ ეს უკანასკნელი ნეიტრალურ პოზიციას აღარ იკავებს, კერძოდ, საერთაშორისო და სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, უერთდება ანტირუსულ სანქციებს, რითაც ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს. „[მოლაპარაკებების გადატანის] იდეას მხარს უჭერს როგორც ჩვენი დელეგაცია, ისე კოლეგები სამხრეთ ოსეთიდან. ჩვენც გვაქვს პრეტენზიები შვეიცარიის მიმართ, რაც, მათ შორის, სავიზო პოლიტიკაში მდგომარეობს. უკანასკნელ პერიოდში, მოლაპარაკებებზე წასასვლელად ვიზების აღების დროს სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ შვეიცარია ევროპული სანქციების მორიგ პაკეტს შეუერთდა“, - განაცხადა ირაკლი ტუჟბამ.

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის“ თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების გადატანა მხოლოდ განხილვის საგანს წარმოადგენს და კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, რადგან ყველა მონაწილის თანხმობას საჭიროებს. ტუჟბამ ასევე დასძინა, რომ საქართველოს დელეგაციას ამ საკითხზე პოზიცია ჯერ არ გამოუთქვამს, თუმცა, მისივე ვარაუდით, ის უარყოფითი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივად ბელარუსსა და სერბეთში განიხილავენ.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა რუსეთის „პირველ არხზე“ ტელეწამყვანი გახდა

21 აპრილიდან რუსეთის „პირველ არხის“ ეთერში რეგულარულად გავა ახალი სატელევიზიო პროექტი სახელწოდებით „გლობალური უმრავლესობა“, რომლის ავტორი და წამყვანი აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა იქნება. „გლობალური უმრავლესობის“ ცნება მიზნად ისახავს იმ ფაქტის ხაზგასმას, რომ დასავლური სამყარო, რომელზეც ბოლო ათწლეულების მანძილზე იყო ორიენტირებული ჩვენი ქვეყანა, ამჟამად კაცობრიობის არსებითი ნაწილი აღარ არის... პროგრამის იდეის ავტორი და წამყვანი ინალ არძინბა ჟურნალისტი არ არის, რაც ამ პროექტს უნიკალურს ხდის. რესპონდენტებისადმი მისი ინტერესი მიმდინარე მოვლენებზე პირადი შეხედულებებით ხასიათდება, რადგან იგი კარგად იცნობს ყველა თანამოსაუბრეს, მათთან არსებული სამუშაო კონტაქტებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია „პირველი არხის“ ანონსში.

თავად დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში ინალ არძინბას ექნება საუბრები სახელმწიფოთა „გამოჩენილ“ ლიდერებთან, რომლებიც სამყაროს მრავალპოლარულობისკენ უბიძგებენ. „ყურადღება გამახვილდება იმ ხალხებსა და ქვეყნებზე, რომლებიც კოლექტიურ დასავლეთს დაუპირისპირდნენ და საკუთარ სუვერენიტეტს, იდენტობასა და ისტორიულ ხვედრს იცავენ“, - აღნიშნულია „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტის პირველი გადაცემა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს მიეძღვნება.

აფხაზური ტელეკომპანია „აბაზა-ტვ“ გაიყიდა

ტელეკომპანიის ახალი მფლობელი გახდა მოსკოვში მცხოვრები 31 წლის ბიზნესმენი ზახარ აგრბა, რომელსაც, ადგილობრივ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა გააჩნია.

ზახარ აგრბამ უკვე გამართა შეხვედრები „აბაზა-ტვ“-ს გენერალურ დირექტორთან რუსლან ხაშიგთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა ტელეარხის მუშაობასთან დაკავშირებული შემოქმედებითი, ტექნიკური და ფინანსური საკითხები. მან ასევე კოლექტივი დაარწმუნა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებები არ იგეგმება. მსგავსი განცხადება ტელეარხის ჟურნალისტმა მარიანა კოტოვამაც გააკეთა: „პირველ რიგში ჩვენი გამოტირება საჭირო არ არის. მენეჯმენტსა და შემოქმედებით გუნდში ცვლილება არ იქნება. მეორეც, არ არის საჭირო სკანდალის შექმნა კერძო არხის გაყიდვის გარშემო. სახელმწიფო არხი რომ გაყიდულიყო, ეს მართლაც სიახლე იქნებოდა. და მესამე, ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება. მოულოდნელად რამე თუ მოხდა, აუცილებლად გაცნობებთ“.

ამის მიუხედავად, ტელეარხის მფლობელის შეცვლამ აფხაზური საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, რაც სწორედ დე ფაქტო ხელისუფლებასთან ზახარ აგრბას არსებული კავშირებით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ აქამდე „აბაზა-ტვ“ აფხაზეთში ერთადერთ დამოუკიდებელ ტელეარხად მიიჩნეოდა და ადგილობრივი მაყურებლები შიშობენ, რომ ახალი მფლობელის პირობებში ის თავის დამოუკიდებელ სტატუსს ვერ შეინარჩუნებს.

ტელეარხი „აბაზა-ტვ“ ცნობილმა აფხაზმა ბიზნესმენმა, ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუტბამ 2007 წელს დააარსა, თუმცა ცდილობდა, სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩარეულიყო. ტელეარხზე მისი გავლენა განსაკუთრებით მას შემდეგ შემცირდა, რაც იგი საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. მეტიც, ფინანსური პრობლემების გამო მან არხის დაფინანსება საერთოდ შეწყვიტა.

ახალშექმნილი ოპოზიციური ძალა „აფხაზური სახალხო მოძრაობა“ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

„აფხაზური სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა ადგურ არძინბამ „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საკუთარი გუნდის „წინასაარჩევნო პროგრამაზე“ ისაუბრა. მან განაცხადა, უკვე არსებობს განვითარების პროგრამა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის, ინტელიგენციის თუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინებით ივსება. „ეს არის მრავალდონიანი დეტალური პროგრამა, რომელსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად წარმოგიდგენთ. მაგრამ ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი აქცენტი სოფლებისა და გლეხების მხარდაჭერაზე გაკეთდება“, - განაცხადა არძინბამ.

ამასთან, პროგრამის პრიორიტეტებს შორის ადგურ არძინბამ დემოგრაფიასთან, განათლებასთან, ჯანდაცვასა და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა. მისი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებებს დაეთმო. „აუცილებელია სამხედრო შენაერთებისა და თავდაცვის სისტემის საფუძვლიანი რეფორმირება, რათა არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებმა, არამედ გაწვევის ასაკს მიღწეულმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომელ ქვედანაყოფს ექვემდებარება. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ომის შემთხვევაში ყველამ უნდა იცოდეს, სად მივიდეს, რა სამხედრო ფუნქცია შეასრულოს და ა.შ. ეს საკითხები დაჩქარებული წესით უნდა გადაწყდეს, ვინაიდან საქართველოდან სამხედრო ექსპანსიის საფრთხე მუდმივ ხასიათს ატარებს. ჩვენს სამშობლოს ჩვენ გარდა არავინ დაიცავს. გვყავს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი რუსეთის ფედერაცია, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება, მაგრამ ზოგადად ეხმარებიან იმათ, ვისაც თავდაცვის უნარი გააჩნია. არ არის სწორი, ჩვენი საგარეო უსაფრთხოება მთლიანად სტრატეგიულ პარტნიორს მივანდოთ. პრაქტიკაშიც არ არსებობს ასეთი მაგალითი“, - განაცხადა არძინბამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ფინანსური სახსრებით უნდა განხორციელდეს აღნიშნული გეგმები, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთს ფული აქვს. მან იქვე დასძინა, რომ აუცილებელია, შეწყდეს „სახელმწიფო“ სახსრებისა და რუსული დახმარების მიტაცება და გაფლანგვა.

ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა აფხაზეთის პოტენციალზეც ისაუბრა. „გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელსაც ჩვენი სუბტროპიკული კლიმატი გვიხსნის. მეზობლად არის რუსეთის ფედერაცია - უზარმაზარი ბაზარი, რომელიც ჩვენთვის ღიაა... უნდა დავეხმაროთ სოფლებს, რათა მოსახლეობამ მიწის დამუშავება შეძლოს. ამას არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ტექნოლოგიური მხარდაჭერაც სჭირდება. სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი საჭიროებს რეფორმირებას, რათა უფრო თანამედროვე გახდეს და შეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. დღეს აფხაზეთში არსებული მიწის დამუშავების მეთოდები მოძველებულია. ის კულტურებიც კი, რომელიც დღეს აფხაზეთში მოჰყავთ, თუნდაც მანდარინი ან სხვა, რუსულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი აღარ არის, ვინაიდან მსოფლიო ბევრად წინ წავიდა“, - აღნიშნა არძინბამ.

მან ელექტროენერგიის ტარიფის შეცვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღესდღეობით დადგენილი ტარიფი, რომელიც 1,8 რუსულ რუბლს (დაახლოებით 5 თეთრი) შეადგენს, შემცირდება, ხოლო მთელი ძალისხმევა ამოღების გაზრდაზე იქნება მიმართული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები