ირანი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოჭრილი უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების თაობაზე იუწყება

19-04-2024 09:12:53 მსოფლიო

ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა იყო.

"ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი უპილოტო საფრენი აპარატი წარმატებით ჩამოაგდეს, ამ დროისთვის სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს", – წერს ქვეყნის "კიბერსივრცის ეროვნული ცენტრის" პრეს–სპიკერი ჰოსეინ დალირიანმა სოციალურ ქსელ X-ში.

დღეს, 19 აპრილს ირანის ქალაქ ისპაანის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში, რომლის მახლობლად მდებარეობს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, ძლიერი აფეთქებები იყო. ირანის სახელმწიფო მედია სამი აფეთქების შესახებ იტყობინება. ამერიკული ტელეკომპანიების CBS-ის და ABC-ს ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

ისრაელს ოფიციალურად ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

ცნობისთვის: 13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის ცნობით, ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99%–ის განეიტრალება მოკავშირეებთან ერთად შეძლეს. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ირანის დარტყმებს მსხვერლი არ მოჰყოლია, დაშავდა 32 პირი.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ინფორმაციით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ირანის ცნობით, თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა. სირიაში მომხდარის გამო თეირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

ირანის თავდასხმის შემდეგ ისრაელის ხელისუფლება განიხილავდა, რა მასშტაბის პასუხი უნდა გაეცა ისლამური რესპუბლიკისთვის და როდის.

ამერიკელი ოფიციალური პირების თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები