ხუხაშვილი: როგორც კი ამ კანონს მიიღებენ, საქართველოში პირდაპრ წამოვა კრიმინალური და რუსული „ეფესბეს“ „ობშიაკების“ შავი ფული!

18-04-2024 21:47:19 კომენტარი

საქართველოს პარლამენტი ფორსირებულად იღებს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ოფშორებიდან აქტივების ქვეყანაში შემოტანის კუთხით შეღავათებს შეეხება. ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ექსპერტების ნაწილი ამას მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს, კერძოდ, სანქცირებისთვის ერთგვარ მზადებას უკავშირებს. თუმცა გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის ამ საკანონმდებლო ინიციატივის უკან კიდევ უფრო დიდ საფრთხეებსა და მოსკოვის მორიგ მზაკვრულ ჩანაფიქრს ხედევს.

„შეიძლება, ეს გარკვეულწილად პერსონალურად ივანიშვილთანაც დავაკავშიროთ, რადგან მას დღეს ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, აქვს. და იმაში, რომ მან საკუთარი აქტივები საქართველოს იურისდიქციაში გადმოიტანოს, მაინცდამაინც დიდ პრობლემას ვერ ვხედავ - რა მიზნებიც არ უნდა ჰქონდეს ამ მიართულებით. მაგრამ საქმე რეალურად, კიდევ უფრო მძიმედაა: დღეს თავად საქართველოსგან აკეთებენ ოფშორს, ანუ ქმნიან მექანიზმს შავი ფულის გასათეთრებლად. თუ ვინმე ცივილიზებულ ბიზნესს აწარმოებს და საგადასახადო სქემებზე ფიქრობს, ის ერთი ოფშორიდან მეორეში რატომ გადაიტანს აქტივებს?! - იქაც ხომ გათავისუფლებულია ყველაფრისგან.... შესაბამისად, საქართველოში ვინ გადმოიტანს ფულს? - ის, ვისაც დღეს პრობლემები ექმნება ოფშორებში, სასამართლოებშიც (ბიძინასაც ჰქონდა ამასწინათ პრობლემა გიბრალტარში, გვახსოვს) - ე.წ. კრიმინალური „ობშიაკები“, რომელთაც „ინტერპოლი“ და ცივილიზებული ქვეყნების სეცსამსახურები დასდევენ და რაც მთავარია, პუტინის იმპერიის შავი სალარო, რომელსაც სადღეისოდ უკვე ოფშორებშიც არ უდგას მაინცდამაინც კარგი დღე",– ამბობს გია ხუხაშვილი.

მთავარი საფრთხე, მისი თქმით, სწორედ ის შეიძლება, იყოს, რომ სურდეთ, "პუტინის რუსეთის შავი სალარო გადმოიტანონ საქართველოს იურისდიქციაში". ეს კი, მისი ხედვით, ნიშნავს შემდეგს:

"ბიძინა, როგორც ჩანს, ეუბნება რუსებს: „შემოიტანეთ - აქ პრობლემა არ გექნებათ, რადგან ყველაფერს ვაკონტროლებ, სასამართლოც ჩემია, ნებისმიერ ქონებას „გაგიპრავებთ“, ასე, რომ გადმოიტანეთ საქართველოს იურისდიქციაში - აქ მე გაგიკეთებთ ოფშორს და მევე დაგიცავთ აქ ყოველმხრივო“... იმათ ჰკითხეს: „რომ მეუბნები, ფული საქართველოში გადმოვიტანოთ, აქ ასეულობით მილიარდზეა საუბარი, მერე მანდ რომ რამე შეიცვალოს, რა ვქნათო?“... ბიძინაც ახლა ამ პროცესებით უმტკიცებს - „შარშან კანონის გაწვევა გააზრებული უკანდახევა იყო და რაც მინდოდა, ახლა გავიტანო“.... ანუ, პუტინს ეუბნება, „მოიტანე აქ შენი შავი სალარო, მე ჩამაბარე - არაფერი დაემუქრებაო“... ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი ფაქტობრივად, ყიდის ჩვენს ქვეყანას, რადგან ამ ფულის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი... რა თქმა უნდა, ეს არ დაიმალება და დიახ, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ დასავლეთი სანქციების ქვეშ მოაქცევს მთელს ჩვენს საფინანსო, საბანკო სისტემას, რადგან როგორც კი ამ კანონს მიიღებენ, საქართველოში პირდაპრ წამოვა კრიმინალური და რუსული „ეფესბეს“ „ობშიაკების“ შავი ფული... 7 ტონა ოქრო რატომ იყიდა ეროვნულმა ბანკმა ამასწინათ? - აი ამ ოპერაციის საგარანტიოდ! ასე, რომ ეროვნული ბანკიც ამ კრიმინალშია უშუალოდ ჩართული! რა აუცილბელობა იყო ამ ოქროს ყიდვის?! - ის აუცილებლობა, რომ ამ კრიმინალურ ანკლავს აყალიბებენ ჩვენს ქვეყანაში!“ - თვლის ხუხაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები