"დაგპირდი, რომ გცემდი და ვასრულებ ახლაო“ – პატიმრობიდან გათავისუფლებული ხასაია დაკავების დეტალებს იხსენებს

18-04-2024 21:19:07 საზოგადოება ,სამართალი

"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია პატიმრობიდან გათავისუფლდა. მისი სასამართლო პროცესი 24 აპრილს გაიმართება. ის 16 აპრილს დააკავეს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.

"გამოვედი. ამათმა ვინ უნდა შეაშინონ. გნახავთ რუსთაველზე", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ხასაია ამბობს, რომ ის დააკავეს ნიღბიანმა პირებმა და არა პოლიციელებმა, რომლებნიც დღეს სასამართლო სხდომაზე მივიდნენ.

"ჩემზეც იძალადეს ფიზიკურად. დაკავების მომენტში ვიდექი „რობოკოპების“ წინ, ხელაწეული ვიდექი, როგორც დანარჩენები. ჩემგან გაუგებრად მომვარდა პოლიციელი, რომელმაც ხელი მკრა, შემდეგ უკვე აღმოვჩნდი ნიღბიანი ადამიანების წრეში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა, „მე დაგპირდი, რომ გცემდი და ზუსტად ამას ვასრულებ ახლაო“. მიჩნდება ეწვი, რომ ამ ადამიანსაც სადღაც ვუყავდი ნანახი ან აქციების პერიოდში დავამახსოვრდი, როგორც ვიცი, კადრებიც არსებობს, სადადც ჩანს, როგორ დამაგდეს ძირს და მირტყამდნენ უმოწყალოდ," - თქვა ხასაიამ „ტვ პირველთან“.

"გელა ხასაია ნაცემია. დალურჯებული აქვს მთელი ტანი. ჩატეხილი აქვს კბილი", - ამბობს "გირჩი მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ხასაიას დაკავებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე წერს:

"გელა ხასაია გალიდანაა გამოქცეული, ვეღარ აიტანა რუსული წნეხი.

ერთხელ უნდა მოუსმინოთ მის ისტორიას.

აფხაზეთით სუნთქავს, აფხაზეთით ცხოვრობს.

აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa გააკეთა თავისით და მართავს,

იგივე სახელწოდების გადაცემა მიჰყავს გირჩი ტვ-ზე.

არაფორმალური 'საქველმოქმედო ინდივიდუალური პირია', არც კი ვიცი რამდენი ვინმესთვის აგროვებს ფულს და ეხმარება რითიც შეუძლია,

არ ტოვებს არცერთ პროტესტს, ვისი უფლებების დაცვასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე.

ამას არ ჰყვება საჯაროდ, მაგრამ ხშირად, როცა აქ ანტირუსულ პროტესტში იღებს მონაწილეობას, მეორე დღეს გალში მის ოჯახს ადგება 'აფხაზური პოლიცია' და მეგობრულად ურჩევს, რომ გელა გაჩერდეს და შეეშვას აქ ყვირილს (იშვიათი კოორდინაცია აქვთ აქაურ და იქაურ რუსებს).

წინა ჯერზე გაასამართლეს 5-ჯერ მასზე დიდი ზომის სპეცრაზმელზე თავდასხმისთვის

გუშინწინ ღამით დაიჭირეს, როდესაც დაგვარბიეს პარლამენტის უკან.

30 წუთის წინ გამოვიდა სასამართლოდან (48 საათიანი ვადა ამოიწურა)

ნაცემია. დალურჯებული აქვს მთელი ტანი. ჩატეხილი აქვს კბილი. თავის მოძრაობა უჭირს.

აქ ჩანს როგორ ურტყამენ პირუტყვები.

აუცილებლად ყველას გიპოვით და დაგსჯით,

ისე ამ ქვეყნისგან არაფერი გამოვა", - წერს ჯაფარიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები