"არა რუსულ კანონს!" – აქციები თბილისის გარდა რეგიონებშიც გაიმართა

18-04-2024 20:26:34 საზოგადოება

„აგენტების კანონი“ მოქალაქეებმა დღეს, 18 აპრილს რეგიონებშიც გააპროტესტეს.

კერძოდ, აქცია გაიმართა ზუგდიდის მერიასთან. მუნიციპალიტეტის შენობასთან ადგილობრივები ბანერებით, - "არა რუსულ კანონს" მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

აქცია გაიმართა გორშიც. "ამ ქალაქს რუსეთი ბომბავდა," - ამ ლოზუნგით ადამიანებმა საკუთარი პროტესტი გორის ციხის მიმდებარედ დააფიქსირეს და აღნიშნეს, "არ დავმობთ თავისუფალ მომავალს". ადგილზე ამ შემთხვევაშიც იყვნენ მობილიზებული სამართალდამცველები.

რაც შეეხება თბილისს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ დღეებში „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ სახელწოდებით ცნობილი საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორებს დღეს შეკრება არ ჰქონდათ დაანონსებული და აცხადებენ, რომ გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან და სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, სტუდენტების ნაწილი შეიკრიბა რუსთაველზე.

სტუდენტები აცხადებენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის თანმდევ საფრთხეებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობადობა უნდა გაიზარდოს. ამიტომ, ისინი შემეცნებითი ხასიათის მსხვლელობას გეგმავენ რუსთაველიდან თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის მიმართულებით.

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი "აგენტების კანონის" განხილვების პარალელურად გაგრძელდება.

მათი გეგმაა, რომ საპროტესტო მუხტი რეგიონებშიც გავრცელდეს და გაგრძელდება საინფორმაციო კამპანიებიც.

„აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით ჯერ იურიდიულ კომიტეტზე გავა, შემდეგ – სესიაზე. საკომიტეტო მოსმენა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიმართება. ხოლო სასესიო განხილვა –ორ კვირაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები