უკრაინის საგარეო: რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე

18-04-2024 19:09:18 პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ "ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს დამატებით ავნებს".

უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყება გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაცია” არის საქართველოს რეალური საფრთხე.

“ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქტიული დიალოგის მეშვეობით ეძებონ. მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ჩართულობა არის აუცილებელი პირობა ქვეყნის პროევროპული მომავლის ასაშენებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს.

“ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა”საქართველოს რეალური საფრთხე.

უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული გარემოთი, ყოველთვის მყარად უჭერდა მხარს და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში, საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და სტაბილურ განვითარებას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები