ოპოზიციური პარტიები: შეშინებული რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს, მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი

18-04-2024 17:03:49 პოლიტიკა

შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს, მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 6 პარტია აწერს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ასევე ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

„უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსავსე ქართველი ერი და ჩვენს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული კანონი“ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან.

შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს, მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.

საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პოლიტიკური პარტიები: “ახალი”, “გირჩი მეტი-თავისუფლება”, “დროა”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელი”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები