პესკოვის, მედვედევის და კრემლის პროპაგანდისტების კვალდაკვალ, "აგენტების კანონს" მხარდაჭერას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს  სპიკერი უცხადებს

18-04-2024 16:41:45 პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის და კრემლის აქტიური პროპაგანდისტების კვალდაკვალ , საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ "აგენტების კანონს" მხარდაჭერას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინიც უცხადებს.

„საქართველოში ვნებები მძვინვარებს“, - წერს ის თავის ტელეგრამ-არხზე.

თავის პროპაგანდისტულ "პოსტში" რუსი პოლიტიკოსი ასახელებს "ქართული ოცნების" მიერ ფართოდ გამოყენებულ არგუმენტებს. კერძოდ, ამბობს, რომ „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციატივა ახლა განიხილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც.

„უბრალოდ, პარიზში, თბილისისგან განსხვავებით, არ არის არც ქუჩის პროტესტი და არც ყვირილი აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

„უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის გარშემო ატეხილი ისტერიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობის შესახებ და ამისთვის ფული უკვე გამოყოფილია, ხოლო კანონის მიღებას შეუძლია, ეს გეგმა ჩაშალოს“,– ამტკიცებს რუსი პოლიტიკოსი.

საქართველოში მიმდინარე აქციებს ბოლო დღეებია აქტიურად ეხმიანებიან კრემლის პროპაგანდისტები. ისინი საუბრობენ ტრადიციული პროპაგანდისტული გზავნილებით, კერძოდ, "გარედან მართულ" პროცესებზე, "მაედანზე", "სუვერენიტეტის დაკარგვის" მცდელობაზე.

16 აპრილს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის.

მისი განცხადებით, „საქართველოს, ცხადია, შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო პროტესტის ფონზე. ათასობით ადამიანი სამი დღეა, პროექტის უკან გაწვევას მოითხოვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები