ოპოზიცია: "პოლიციამ შური იძია ელისაშვილზე"

18-04-2024 15:21:11 პოლიტიკა

ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ "პოლიციამ შური იძია დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე". ხელისუფლების ოპონენტებმა საგანგებო ბრიფინგი პარლამენტში გამართეს და განაცხადეს, რომ, მათ შორის "ლელოს" გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძისა და "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

"ივანიშვილის პირობებში ქართული პოლიცია გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც შური იძია ელისაშვილის წინააღმდეგ. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, ანგარიშსწორება, რისთვისაც ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს", - აცხადებს ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა

"ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „პოლიტიკური ძალადობა რუსულმა ხელისუფლებამ უკვე ნორმად გახადა“.

"რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება ამ ქვეყანაში და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა. ნაცემია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და ახლაც პატიმრობაშია. ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ყველას გვახსოვს და მაინტერესებს, რას ცვლის შალვა პაპუაშვილი და რუსული უმრავლესობის სხვა წევრები აქ? თვითონ დაუსჯელად შეუძლიათ თავს დაესხნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს და თავად, დაქირავებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს პოლიციური უწყებები, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს გარეთ გაუსწორდნენ? არავის ეშინია არანაირი ძალადობის. ყველა შემთხვევაზე რეაგირებას მოვითხოვთ, მათ შორის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გუშინ სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმაზე“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძეცხადებს, რომ "ის ხალხი, ვინც კანონი დაარღვია ალეკო ელისაშვილის წინაშე, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული".

„პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის ძალის დემონსტრირება. ეს არის სიმხდალის, ხელისუფლების შიშის დემონსტრირება. ბუნებრივია, მათ ეშინიათ, რადგან ქართული ერი მათ განზრახვებს წინ აღუდგა, იმიტომ ,რომ საქართველო გაარუსონ და მიიღონ აქ რუსული კანონი. ბუნებრივია, რომ არსებობს მათი შიში, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს იმაში, რომ ოპონენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნება“ არის მხდალი და მშიშარა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ არ და ვერ ავყვებით ძალადობაში. ახლა მნიშვნელოვანია, ის ხალხი, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და დაარღვია კანონი ალეკო ელისაშვილის წინაშე, პასუხისგებაში იყოს მიცემული“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ გმობენ ამ საქციელს, მოითხოვენ ადეკვატურ გამოძიებას და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მათ შორის, ამ საქმეზე.

"დღეს, როდესაც შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აქციებმა დაანახა კანონის მიღების საჭიროება, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ეს ძალადობრივი ქმედებები და კანონი აჩვენებს, რად უღირთ ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ძალაუფლების დაცვის და ხალხის ნების საწინააღმდეგო სვლის მიღმა, ამ მოცემულობაში ჩანს ერთი ძალიან ნათელი თარგი - რუსული და ამას უნდა დავუპირისპირდეთ ყველა შესაძლო კონსტიტუციური გზით“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ოპოზიცია ითხოვს დეპუტატის საქმის დროულ და ადეკვატურ გამოძიებას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას.

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

მას სახისა და ხელის არეში დაჟეჟილობები აღენიშნება. ამასთან, აქვს ნეკნის მოტეხილობა. ის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა.

პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც 17 აპრილის აქციისას დემონსტრანტების ნაწილმა გადაინაცვლა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის მითითებით სასტიკად გაუსწორდნენ პოლიციელები, შემდეგ დიდუბის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

„უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებთ რამდენიმე პოლიციელმა შემათრია...ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს გამეტებით მირტყამდნენ. შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყავი...წერეთელზე გადამიყვანეს, სადაც შსს–ს დიდუბის განყოფილებაა...იქ არაფერი, ნორმალური, ადამიანური გარემო იყო...მოვედი კლინიკაში, რადგან ძალიან მტკიოდა გვერდი და აღმოჩნდა, რომ ნეკნი მაქვს მოტეხილი და ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით“,– აცხადებს ელისაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები