პაატა მანჯგალაძე: "ახლა ივანიშვილის მილიარდებზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, უნდა ფიქრობდნენ იმაზე, როგორ შევა საქართველო ხვალ ევროპაში, მაგრამ ამათ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ საქართველო და მისი მოქალაქე“

18-04-2024 14:33:37 პოლიტიკა

"ახლა ივანიშვილის მილიარდებზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, უნდა ფიქრობდნენ იმაზე, როგორ შევა საქართველო ხვალ ევროპაში, მაგრამ ამათ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ საქართველო და მისი მოქალაქე“, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები დაჩქარებული წესით განხილვას.

"გუშინ, ლამის ასი ათასი ქართველი იყო ქუჩაში გამოსული. ამათ ჰგონიათ, რომ საქართველო არის ივანიშვილის შპს. რასაც უნდა შეიტანს, გამოიტანს, გაწევს და გამოწევს. ასე არ არის. ახლა მეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციასო, ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას რა გეგმა აქვს, ასი ათასი ადამიანია ქუჩაში გამოსული და გეგმა უნდა ჰქონდეთ მათ, როგორ აპირებენ ამ ხალხის დამშვიდებას. ეს არის მთავარი გეგმა. ჩვენ გვიყვარს საქართველო. საქართველო ჩვენია და გართულებაზე ვერ წავალთ, ჩვენია ქვეყანა. მაინტერესებს, რას ფიქრობს ივანიშვილი, „ქართული ოცნება" რას ფიქრობს. რა ჰგონიათ, დავიღლებით, გამოსვლა დაგვეზარება? ან რაღაც ორთქლი იყო, გამოვუშვით და ხვალ რომ გავიღვიძებთ გავრუსდებით? ასე არ არის, ხალხო. მინდა, რომ ყველამ გაიაზროს. საღლაბუცოდ ნამდვილად არ აქვს საქმე „ქართულ ოცნებას“. ახლა ბიძინა ივანიშვილის მილიარდებზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, უნდა ფიქრობდნენ იმაზე, როგორ შევა საქართველო ხვალ ევროპაში, მაგრამ ამათ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ საქართველო და მისი მოქალაქე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად, დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს. 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები