პაპუაშვილმა რიგ საელჩოებს განმარტებების გაკეთება მოსთხოვა

18-04-2024 14:02:13 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რიგ საელჩოებს განმარტებების გაკეთება მოსთხოვა. როგორც იგი ირწმუნება, "პარლამენტს ულტიმატუმს უყენებდნენ" მათ მიერ დაფინანსებული პრგანიზაციების წარმომადგენლები.

„ენჯეოების“ მხრიდან ულტიმატუმი იყო წამოყენებული პარლამენტის მიმართ. ერთსაათიანი ვადაც კი დაგვითქვა ერთ-ერთი „ენჯეოს“ ხელმძღვანელმა, რომელიც დანიის და ნიდერლანდების საელჩოდან ფინანსდება. მგონი, ამ საელჩოებმაც უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია – ერთი, რომ ეს არის მიზანი ამ „ენჯეოს“ დაფინანსებისა, რომ ულტიმატუმები წამოუყენონ ქართველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს, რა კანონი მიიღოს, რა კანონი არ მიიღოს? არა მხოლოდ ეს თქვას, არამედ ერთსაათიანი ვადა მისცეს, მაშინ, როდესაც ხალხი არის შეკრებილი და ამით მოახდინოს რაღაც ქმედებების ინსპირირება. ეს ვადა რომ გავიდა, იგივე „ენჯეოს“ ხელმძღვანელმა, რომელიც დანიის და ნიდერლანდების საელჩოდან ფინანსდება, აქციის მონაწილეებს მოუწოდა კანცელარიისკენ გადაადგილებისკენ და ამით, ფაქტობრივად, წაიყვანა აქციის ნაწილი შესაძლო ძალადობრივ ქმედებაზე. კანცელარიასთან უფრო პატარაა ტერიტორია, ვიდრე რუსთაველზე და რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს როცა მოუწოდებ, გადავიდნენ უფრო პატარა ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ზრდი რისკებს, რომ იქნება ფიზიკური კონტაქტი პოლიციასთან და იყო ასეთი მცდელობებიც. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდების, დანიის, არ ვიცი, სხვა ვინ არიან ამ „ენჯეოს“ დამფინანსებლები, სხვა „ენჯეოების“, რომლებიც ჩვენ გუშინ სცენაზე ვნახეთ, გაემიჯნონ. მათი ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ულტიმატუმს უყენებდნენ საქართველოს პარლამენტს, ქართველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს.

მეორე – მცდელობა ჰქონდათ, მშვიდობიანი აქცია გადაეზარდათ ისეთ აქციად, რომელიც გაცდენილი იქნებოდა მშვიდობიან ფარგლებს. წარმოიდგინეთ, საქართველოს სახელმწიფო აფინანსებდეს ნიდერლანდებში ან დანიაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ორგანიზაციას, რომელიც დადგება ან ნიდერლანდების, ან დანიის პარლამენტის წინ და ულტიმატუმებს წამოუყენებს პარლამენტს, ამ ულტიმატუმების არშესრულების შემდეგ, ფაქტობრივად, წავა განზრახ შესაძლო ძალადობაზე. ასე რომ, ეს არის ზუსტად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ზუსტად ეს აჩვენებს, რამდენად საჭიროა, ვიცოდეთ, ზუსტად ვინ დგას ასეთი ორგანიზაციების დამფინანსებლის სახით. [...] კონკრეტულად გუშინდელთან დაკავშირებით ამ საელჩოების, თუ დონორების პოზიცია – ემიჯნებიან თუ არა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ულტიმატუმების დაყენებას. არა კრიტიკას, არა რჩევას, არამედ ულტიმატუმის დაყენებას და ამ ულტიმატუმის შეუსრულებლობის გამო, ფაქტობრივად, შესაძლო ძალადობისკენ მიჰყავთ ხალხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები