კორძაია – "ოცნებას": ვისი ფული იქნება ამ ქვეყანაში შენახული, ჯერ არავინ ვიცით და ვერც გავიგებთ, თქვენ რეალურად, შავი ხვრელი უნდა შექმნათ საქართველოში

18-04-2024 14:09:52 პოლიტიკა

ნუ გვაყრით თვალში ნაცარს და ნუ გველაპარაკებით აქ გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავენ.

„ვისი ფული იქნება ამ ქვეყანაში შენახული, ჯერ არავინ ვიცით და ვერც გავიგებთ. თქვენ რეალურად, გაუმჭვირვალე, შავი ხვრელი უნდა შექმნათ საქართველოში. [...] იმ დროს, როდესაც ხმალამოღებული იბრძვით აქ და ამბობთ, რუსულ კანონს როგორ ამბობთ, ხალხს უფლება აქვს იცოდეს, ვინ, რა ფულს ფლობს, ხარჯავს და ასე შემდეგო, იმ ფონზე, როდესაც ოფშორული ზონა ხასიათდება სრული ანონიმურობით, იმ ფონზე, როდესაც დღეს არსებული რეესტრით მხოლოდ მფლობელი არის გამჭვირვალე და მეტი არაფერი, იმ ფონზე, როდესაც ნებისმიერი სუბიექტის დეკლარაციები არის საგადასახადო საიდუმლოება, როდესაც მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა ამ დიდი ფულის ბრუნვასთან და ოფშორული ზონების გაკონტროლების დისკუსია მიდის, რადგან იქიდან წამოსული ფული შეიძლება ხმარდებოდეს რუსულ ინტერესებს, ომის წარმოებას მშვიდობიანი ადამიანების წინაშე, ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც სრულიად ბუნდოვანი დარჩება და არ ექნება საქართველოს მოქალაქეს იმის გადამოწმების შესაძლებლობა, ვინ ფლობდა რეალურად ოფშორულ ზონაში კომპანიას, ვისი ფული დაირეგისტრირა კონკრეტულმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა“,- განაცხადა კორძაიამ.

საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად, დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს. 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები