ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო შესაძლოა, დღეს დატოვოს

18-04-2024 13:19:07 საზოგადოება

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა პენიტენციურ დაწესებულება შესაძლოა, დღეს დატოვოს.

ადვოკატის ცნობით, დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იგზავნება პენიტენციურ უწყებაში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა გრიგორიადისის სეწყალების შესახებ.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე იგზავნება შესაბამისი დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც ლაზარე დატოვებს დაწესებულებას. დღის ბოლომდე, წესით, უნდა იყოს უკვე გადაგზავნილი დოკუმენტაცია. პროცედურული საკითხები იყო მოსაგვარებელი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი იყო დარჩენილი ჩასაბარებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და უკვე ფაქტობრივად მზად არის დოკუმენტაცია და გადაიგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში", - ამბობს ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 12 აპრილს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

იმავე დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიიღო ახალგაზრდა კაცის შეწყალების გადაწყვეტილება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები