პაპუაშვილი: აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ

18-04-2024 13:06:07 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „აგენტების" შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ "ხალხი მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს".

„ამ დღეებმაც დაგვანახეს ერთი საჭიროება ამ კანონის და მეორე, ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტად ამ აქციებმა დაგვანახა ამ კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ამ კანონზე მსჯელობას გააგრძელებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება 17 აპრილს გამართულ დემონსტრაციის მონაწილეთა რაოდენობას, მან შემდეგი აღნიშნა:

„ხალხი არის ფართო ცნება და მინიმუმ 3.7 მილიონი მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ასევე, ჩვენი მოქალაქეები ქვეყნის გარეთ. უფრო დიდი ცნება არის, ვიდრე ცალკეული ჯგუფები“.

ამასთან, პაპუაშვილმა უპასუხა შეკითხვას, აქციის მონაწილეთა მოთხოვნის შესახებ კანონპროექტის გაწვევის თაობაზე.

„რაც შეეხება იმას, რას აკეთებს პარლამენტი და რა უნდა გააკეთოს, პარლამენტმა, როგორც ხალხის წარმომადგენელმა, ამ დიდი ჯგუფის, უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის არის კარგი. მასე თუ მივყვებით, ოპოზიციამ შეძლო 2022 წელს, მათ შორის, მოქალაქეების გარკვეული რაოდენობის მობილიზება იმისთვის, რომ მოეთხოვა, გაგვეშვა მოხალისე-მებრძოლები უკრაინაში. უნდა გაგვეშვა?! ეს ასე არ წყდება. ხალხი წყვეტს უპირველეს ყოვლისა არჩევნებზე თავისი მანდატის მინიჭების საკუთარი წარმომადგენლებისადმი. პარლამენტში წარმოდგენილია ყველა გემოვნება, რაც საზოგადოებაში არის... პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭირო არის ხალხისთვის. ამ დღეებმა დაადასტურა კიდევ ერთხელ საჭიროება ამ კანონის, რომ იყოს გამჭვირვალე უცხოური დაფინანსება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები