"Amnesty International" თბილისში დემონსტრანტების დაშლას "სადამსჯელო ოპერაციად" აფასებს

18-04-2024 12:53:04 პოლიტიკა ,სამართალი

საერთაშორისო ორგანიზაცია "Amnesty International" საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს აკრიტიკებს, თბილისში 16-დან 17 აპრილის ღამეს დემონსტრანტების დარბევას "სადამსჯელო ოპერაციად" აფასებს და დამნაშავეთა სათანადოდ დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ცნობილია, მშვიდობიანი აქციის დასაშლელად ძალოვანებმა გამოიყენეს წიწაკის სპრეები და ხელკეტები, გამეტებით ურტყამდნენ დაცემულებსაც კი, უკვე დაშლილ და გაქცეულ დემონსტრანტებს კი ჩიხებში დასდევდნენ და ცემდნენ, რისი ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეოც მალევე გავრცელდა სოცქსელებში.

"ის, რაც 16-დან 17 აპრილის ღამეს ვნახეთ, იყო უმოწყალო შურისძიება ადამიანებზე მშვიდობიანი პროტესტის უფლების რეალიზების გამო. ხელისუფლება მოქმედებს ისე, თითქოს მისი პრერპგატივა იყოს იმის გადაწყვეტა, როდის აქვთ მოქალაქეებს უფლება, გამოხატონ პროტესტი და როდის არა. სპეცრაზმის გამოყენებით იგი არბევს, იყენებს ძალადობასა და თვითნებურ დაკავებებს. რამდენჯერმე აღინიშნა, როგორ დასდევდნენ და ცემდნენ გაქცეულ ადამიანებს ხელკეტებით, ალყაში აქცევდნენ და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ დაცემულებს. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია. გამოვდივართ მოწოდებით ძალის უკანონოდ გამოყენებისა და დაკავებების ყოველი შემთხვევის გულდასმით გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ. შევახსემენთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ერთ-ერთი ფუძემდებლურია ადამიანის უფლებებს შორის და მთავრობას აკისრია საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის - ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, "Amnesty International" იმეორებს საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, უარი თქვას ვითომდა "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, მიმართულია "გაერთიანების თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დემონიზება-დევნასა და მათი საქმიანობის ტორპედირებაზე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები