ომბუდსმენი – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: "დაიწყეთ გამოძიება დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე"

18-04-2024 12:44:25 საზოგადოება

ომბუდსმენი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, "დაიწყოს გამოძიება დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე".

"სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.

სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს", – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები