პრეზიდენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო

18-04-2024 12:39:56 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა, რომელიც განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა.

"გვაქვს მომართვა, ვეტო, რომელიც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებას გენდერულ კვოტების საკითხთან დაკავშირებით, შემოვიდა ვეტო, რომელსაც გადავცემთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და შესაბამისად განიხილავს კომიტეტი შემდეგ პლენარული სხდომაზე", – განაცხადა პაპუაშვილმა.

გენდერული კვოტების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „გირჩი“ არის და მას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს.

ცნობისთვის: მოქმედი კანონმდებლობით 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები