ჯაფარიძე: ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ქუჩაში გასვლა, ეს ნერვების ჭიდილია

18-04-2024 11:28:06 პოლიტიკა

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 17 აპრილის მოვლენების შეფასებისას ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და მიუთითებს რამდენიმე გარემოებაზე:

  • "1. ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, საკუთარი, შვილების თუ შვილიშვილების თავისუფალი მომავალი.
  • 2. შეშინებული რუსეთის და ფულის მონები, რომლებიც საკუთარი პროპაგანდისტული არხებიდან ყვირიან, ნებისმიერი დაგვიჯდეს ამ კანონზე სალაპარაკოდო, და კაბინეტთან რომ აკითხავ, გვირაბებიდან იპარებიან.
  • 3. მორიგ ჯერზე დემონსტრირება, რომ ევროპა ვართ ჩვენ, აქეთ ფლანგზე მყოფი ხალხი, სრულიად მშვიდობიანი, და თუ პოლიცია არ სჩადის ძალადობას და ჩვენ არ გვიწევს თავის დაცვა (როგორც მოხდა გუშინწინ ან შარშან მარტში), არავინ არაფრის დაზიანებას და გაფუჭებას არ ფიქრობს (ამ სირებისგან განსხვავებით, ჩვენ მართლა გვიყვარს ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც)
  • 4. ქოცების პროპაგანდის სრული კრახი, რომ ჩვენ ვართ რადიკალები, რომლებსაც არეულობა და ძალადობის ორგანიზება გვწყურია (რას სინამდვილეში რუსეთის ბოლო იმედის გეგმაა აქ)".

მან მადლობა გადაუხადა დემონსტრანტებს:

"მადლობა ყველას ვინც გამოხვედით, იდექით, იარეთ, იყვირეთ, უსტვინეთ, იგინეთ, ილაპარაკეთ. მადლობა რომ არსებობთ, აქ ხართ, არ გარბიხართ და იბრძვით. მადლობა რომ გამარჯვების გჯერათ.

ცალკე მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ღამე კანცელარიის წინ, ქვებით მოფენილ მოედანზე იდგა და მიუხედავად პოლიციელების მხრიდან არაერთხელ გაგონილი გინებისა, ერთი კენჭი არ უსვრია მათი მიმართულებით".

ის ხაზს უსვამს, რომ "ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, წინ ამ რუსული კანონის არაერთი მოსმენაა და კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ქუჩაში გასვლა, ეს ნერვების ჭიდილია".

ის ნაკლოვანებაზეც მიუთითებს:

"ორგანიზებულობაში გვჯობნიან (ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში), რაც არაა გასაკვირი (ჩვენ არც მაგდენი რესურსი გვაქვს და არც გასამხედროებული სისტემა)

თუ ცოტა ვართ, გვირტყამენ და გვხუთავენ, თუ ბევრნი ვართ, სოროებში იმალებიან კურდღლებივით, მაგრამ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სრული განცდა რომ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს.

რაც მთავარია რწმენა, რომ დიდი ომი ყველა შემთხვევაში მოგებული გვაქვს - ეს ქვეყანა არ გარუსდება არასდროს. ამათ დიდი დრო აღარ დარჩათ, საკუთარი ხელით ითხრიან პოლიტიკურ სამარეს".

ამბობს, რომ აქციასთან დაკავშირებული "ყველა პრობლემა და წუხილი" იცის, "ღამის განმავლობაშიც ვისმენდი თქვენგან და ვკითხულობ. რაღაცეები გამოსწორებადია, რაღაცეების რესურსი ფიზიკურად არ არსებობს. მეც ძალიან მეჩქარება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები