პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს სამოქმედო გეგმა გააცნეს

17-04-2024 22:58:49 საზოგადოება

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

გეგმის თანახმად, აქციის მონაწილეები კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და მოითხოვენ "აგენტების" შესახებ კანონის უკან გაწვევასა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.

"ახლა ჩვენთან ერთად მშვიდობიანად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ–მინისტრი და დაგველაპარაკოს. გთხოვთ, გამოგვყვეთ მშვიდად. ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა. არ აყვეს არავინ პროვოკაციას. მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავაისუფლება", – მიმართა „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ დემონსტრანტებს.

მესამე დღეა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები „აგენტების" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. 17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები