საგამოძიებო სამსახური: პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

17-04-2024 20:16:49 სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ გამოძიება „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცვების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.

16 აპრილს პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ხელკეტები.

აქციებზე არაერთი ადამიანი დაშავდა.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წუხელ, როცა აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებში პოლიცია დასდევდა და სცემდა აქციის მონაწილეებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 აპრილს განაცხადა, რომ „გუშინ არავითარი დარბევა არ მომხდარა“.

მისი თქმით, „იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა“.

16-17 აპრილს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა 18 ადამიანი დააკავეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ხუთი მათგანი კლინიკაშია.

დაკავებულთა უმრავლესობა პატიმრობაში რჩება.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ყველას ედავებიან „პოლიციელების დაუმორჩილებლობასა“ და „წვრილმან ხულიგნობას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები