თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც იმართება

17-04-2024 20:03:27 საზოგადოება

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმში, ერას მოედანზეც მიმდინარეობს.

მოქალაქეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ "რუსული კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეუშლის ხელს და დაუხურავს ევროკავშირის გზას".

აქცია გაიმართა, მათ შორის ქუთაისსა და ზუგდიდში.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ცოტა ხნის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ:

"მინდა, გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვება პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან, ამას ვამბობ ხაზგასმით. არსებითად პროცესები წარიმართება კულისებიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით კულისებიდან მოქმედი ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს ძალადობისთვის და პროვოკაციებისთვის იყენებენ. სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დევიზი და სულისკვეთება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები