KHIDI: რუსული კანონი კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირების მექანიზმია

17-04-2024 19:33:40 საზოგადოება

ღამის კლუბის KHIDI განცხადებით, "ხელისუფლების მიერ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი წარმოადგენს თავისუფალი, კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირების მექანიზმს".

„ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ თავადაა ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან, ცდილობს, რომ საკუთარი საქმიანობა გაუმჭვირვალე გახადოს. აღნიშნულ ვითარებაში, მმართველი ძალა უპირისპირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების დახმარებით ხელს უწყობენ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც სამოქალაქო, ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე სოციალური და კულტურული უფლებების უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას. გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ხელისუფლებას შეეძლება უცხოურ ძალად მიიჩნიოს თითქოს ყველანაირი ორგანიზაცია ან გაერთიანება, განსაკუთრებით კი დაუპირისპირდეს მედია საშუალებებს, რომელთა მთავარ მიზანსაც საზოგადოების ინფორმირება და სახელისუფლებო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი სატელიტური საშუალებები აქტიურად ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმაციული ნარატივების ქვეშ მოქცევასა და მტკიცებას, რომ მათ მიერ დაინიციირებული კანონპროექტი ამერიკაში არსებული კანონის – FARA მსგავსია, რაც აბსოლუტურად დაცლილია სიმართლისაგან. FARA კონცენტრირდება სუბიექტის მიერ შესრულებული საქმის შინაარსზე, მისთვის მნიშვნელოვანია ატარებს თუ არა აშშ-ში მოქმედი სუბიექტი სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, და არ კონცენტრირდება უშუალოდ სუბიექტის ვინაობაზე. აღნიშნული კანონმდებლობაში აისახა შემდეგნაირად:

,,პირი/ორგანიზაცია უნდა მოქმედებდეს პირდაპირ უცხო სუბიექტის შეკვეთით, პოლიტიკურ პროცესში მათი ინტერესების სასარგებლოდ, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტი.”

შესაბამისად, FARA-ში რეგისტრაციის ვალდებულება რომ დაეკისროს სუბიექტს, კონკრეტულად უნდა ჩანდეს ორგანიზაციის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება და ეს პირდაპირ კონტრაქტით უნდა იყოს განსაზღვრული. ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ დაინიციირებული კანონპროექტი კი “უცხოეთის აგენტებად” მიიჩნევს ნებისმიერ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი მიზნებისა და საქმიანობის სფეროსი.

,,კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ”

ერთდროულად დაინიციირდა ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოში, ყირგიზეთსა და სლოვაკეთში და მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ. კანონი, რომლის მისაღებადაც ხელისუფლება ძალოვნური მექანიზმებით ადამიანების დარბევასა და უკანონო დაჭერებს არ უშინდება, ანალოგია 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონისა, რომელიც პუტინის ხელისუფლებამ ორგანიზაციების უფლებათა ჩამორთმევისა და მათში შემავალი პირებისათვის, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკის კრიტიკოსებად იქნენ მიჩნეულნი, არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესაზღუდად გამოიყენა.

რუსული კანონი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს და საქართველოს მთავარ პოლიტიკურ კურსს რუსეთისაკენ მიმართავს. აღნიშნულს ადასტურებს ევროპისა და ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც უშუალოდ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროკავშირს და გააღვივებს ანტიდასავლურ ნარატივებს ქვეყანაში.

მოგიწოდებთ საზოგადოებას, წინ აღუდექით ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ”რუსულ კანონს”!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ცოტა ხნის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ:

"მინდა, გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვება პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან, ამას ვამბობ ხაზგასმით. არსებითად პროცესები წარიმართება კულისებიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით კულისებიდან მოქმედი ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს ძალადობისთვის და პროვოკაციებისთვის იყენებენ. სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დევიზი და სულისკვეთება".

პარლამენტთან აქცია ამ წუთებშიც იმართება. დემონსტრანტები "აგენტების" შესახებ კანონს აპროტესტებენ.