პესკოვის დეზინფორმაციული ნარატივი: "საქართველოში ანტირუსული იმპულსები გარედან მოდის და ჩვენ ეს მშვენივრად გვესმის"

17-04-2024 17:13:20 პოლიტიკა

პესკოვი საქართველოში "აგენტების' შესახებ კანონის მიღების მცდელობას "სახელმწიფოს უცხოური გავლენისგან დაცვის უზრუნველყოფას უკავშირებს". ჟურნალისტების კითხვაზე, რა დამოკიდებულება აქვს კრემლს ქართული ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტის რუსულად მოხსენიების მიმართ, პესკოვმა განაცხადა:

"ამ კანონპროექტის რუსულად მოხსენიება არ ღირს. საქმე იმაშია, რომ პირველებმა საკუთარ შიდა პოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა ალბათ, მაინც აშშ–მა დაიწყო, რომელმაც გამოიგონა ყბადაღებული FARA. ასე რომ, ეს პრაქტიკა სწორედ მათ შემოიღეს და შესაბამისად, ეს არა რუსული, არამედ სადღეისოდ ძალიან ბევრ იმ სახელმწიფოში მიღებული პრაქტიკაა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ შიდა პოლიტიკის გარე გავლენებისგან დასაცავად".

ამასთან, მან გაიმეორა "ოცნების" წარმომადგენლების ის დეზინფორმაციული ნარატივიც, თითქოს "ქართველ ხალხს ანტირუსულ განწყობებს გარედან ახვევენ თავს":

"ის, რომ ცდილობენ, ეს შიდა პოლიტიკური პროცესი ანტირუსული განწყობების პროვოცორებისთვის გამოიყენონ, – ნაკლებ სავარაუდოა, ეს იმპულსები თავად საქართველოდან მოდიოდეს. მაღალი ალბათობით, ეს იმპულსები გარედან მოდის და ჩვენ ეს მშვენივრად გვესმის".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ვინ დაუჭირა „აგენტების" შესახებ კანონს მხარი პირველი მოსმენით (სია).

ახალი ამბები

სხვა სიახლეები