ელისაშვილი: დღეს „ოცნებამ“ გვითხრა, რომ მათ რუსეთი აირჩიეს, ახლა დანარჩენმა საქართველომ გადავწყვიტოთ, მივყვებით ცხვრებივით თუ არა

17-04-2024 16:27:25 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ „აგენტების კანონის“ მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოებაში „რუსულ კანონს“ უწოდებენ, მმართველმა გუნდმა ფაქტობრივად რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და ახლა მოქალაქეების ჯერია, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

„ეს არ არის უწყინარი კანონი, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს და ახლა დაველოდოთ მეორე და მესამე მოსმენებს... ვითარება ძალიან მარტივია: დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა რეფერენდუმი და გვითხრა, რომ მათ აირჩიეს რუსეთი. გვითხრეს, რომ მათ გადაწყვიტეს, საქართველო შეიყვანონ ამ საზიზღარ ქვეყანაში. აი, ახლა ჩვენ – დანარჩენმა საქართველომ გადავწყვიტოთ, ვეთანხმებით ამ საზიზღრობას და თავდახრილი, ცხვრებივით, „ბეეე“–ს ძახილით მივყვებით რუსეთში, თუ ამათ გადავახევთ იმ რეფერენდუმს თავზე... წყნარ და მშვიდ ცხოვრებას არაფერი მირჩევნია, მაგრამ დღეს სახლში დარჩენა ყველა ნორმალური ქართველის მხრიდან ამ ქვეყნის ღალატია. ჩვენ უკვე გვიღალატეს – ცოტა ხნის წინ 83–მა ადამიანმა ხელი მოაწერა საქართველოს ღალატის დეკლარაციას. ეს არ არის ჩვეულებრივი კანონი. ეს არის საქართველოში კრიტიკული აზრის გაუქმების, აკრძალვის, განდევნის და რაც მთავარია, რუსეთში შეყვანის რეფერენდუმი. მათ თავიანთი სიტყვა თქვეს, ახლა ბურთი ჩვენს მოედანზეა – იმ ხალხის მოედანზე, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს და გვინდა, ეს ქვეყანა რუსეთი აღარასოდეს აღარ გახდეს. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვართ თავისუფალი, მხრებში გაშლილი და არავის, მით უფრო, რუსების მიერ დამონებული საქართველო!“,– თქვა ალეკო ელისაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მიმართულებით საქართველო ისტორიულ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან.

საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღი "აგენტების კანონი. მესამე დღეა მოქალაქეები ამ კანონის წინააღმდეგ გამოდიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები