კობიაშვილი – ნაკრების ფეხბურთელებზე: ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის

17-04-2024 15:49:56 პოლიტიკა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავილები ერთმანეთს ემთხვევა ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასე გამოეხმაურა კობიაშვილი ფეხბურთელების განცხადებებს, რომელიც "აგენტების კანონის" განხილვის და საპროტესტო აქციების პარალელურად ვრცელდება.

"ტყუილია რასაც საუბრობთ - რუსულ კანონთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ [განცხადებები]... საუბრობენ [ნაკრების ფეხბურთელები] იმაზე, რაც დიდი ხანია, დაადასტურეს... როგორც ღირსეულად, დამსახურებულად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ასე ღირსეულად, დამსახურებულად, გავალთ. [...]

ბიჭებს ჩემი პასუხის გაცემა არ სჭირდებათ, ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის, რომ ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, არის ევროპაში - ეს დაადასტურეს ამ ბიჭებმა თავისი ღირსებით, როდესაც ღირსეულად და დამსახურებულად გავიდნენ [ევროპა 2024–ზე]",– თქვა "ოცნების" დეპუტატმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილი, რომელმაც "აგენტებს კანონს" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნეს ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები, რომელიც დროში დაემთხვა "აგენტების კანონის" განხილვას და მის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს.

შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტს 17 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები