ამერიკის სავაჭრო პალატა კობახიძეს მიმართავს, გაიწვიოს "აგენტების" შესახებ კანონპროექტი

17-04-2024 15:24:08 პოლიტიკა

ამერიკის სავაჭრო პალატა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს. პალატის გამგეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ღია წერილით მიმართავს.

ღია წერილში ნათქვამია, რომ "კანონის მიღებით დაზარალდება უცხოური დახმარებით მოქმედი პროგრამები, ასევე დაბრკოლდება ქვეყნის მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი და დაზიანდება როგორც საქართველოს რეპუტაცია, ისე საინვესტიციო გარემო".

"პროექტები, რომლებსაც საქართველოს ისეთი პარტნიორები აფინანსებენ, როგორებიცაა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას ეკონომიკურად, განათლების, ჯანდაცვის, საჯარო მმართველობისა და სხვა მხრივ. ეს პროექტები ემსახურება საქართველოს განვითარების საჭიროებებს და დაფინანსებულია საქართველოს მოკავშირეების მიერ. მათთვის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყის მიკუთვნება აკნინებს ამ პროექტების სანდოობას. ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის ასეთ იარლიყზე და დაიხურება", - აღნიშნულია მიმართვაში.

კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ "თუ მთავრობას ამ ორგანიზაციების გამჭვირვალეობა მართლაც სურს, უფრო შესაფერი ზომა იქნებოდა, მაგალითად, ფინანსური ანგარიშგების წესში შესულიყო ცვლილება".

"კანონი ასევე არ არის თავსებადი გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებთან. თანამედროვე დემოკრატიებში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, უცხოელ ლობისტებს ხშირად მოეთხოვებათ რეგისტრაცია, მაგრამ ამ კანონების სამიზნე არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ეს კანონები არ ეხება ყველა ორგანიზაციას, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება.

უდიდესი უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საერთაშორისო, დემოკრატიულ, საუკეთესო პრაქტიკას, გთხოვთ გაიხმოთ იგი შეძლებისდაგვარად დაჩქარებულ ვადებში“, - წერს ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები