სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ

17-04-2024 15:25:42 საზოგადოება ,სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 16 აპრილის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, 3 მათგანი ჰოსპიტალშია.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიმართავენ სამართალდამცველებს, შეწყვიტონ უკანონო დაკავებები და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა. ასევე, მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ მათი უფლებები დაირღვა.

ისინი მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო დანაშაულები.

„პოლიციამ 13 მშვიდობიანი ადამიანი დააკავა, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში, ვხვდებოდით მათ, ვესაუბრებოდით და აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. დაკავებულთა უმრავლესობას ფიზიკური დაზიანების ნიშნები აქვს, ხოლო 3 მათგანი ჰოსპიტალშია. ისინი აცხადებდნენ, რომ მიუხედავად დაკავებისა თუ დაზიანებისა, განაგრძობენ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა, უკანონო დაკავებები და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები