პრეზიდენტი ელჩებს შეხვდება

17-04-2024 13:53:05 პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩებს შეხვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.

16 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მკაფიო განცხადებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონპროექტის კვლავ ინიიცირებას და ხაზი გაუსვა, რომ ის საქართველოს ევროკავშირს დააშორებს:

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და პასუხად, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო: უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებებს, მისი გაწევრების ტრაექტორიას და საქართველოს ევროკავშირს დააშორებს, არ მიაახლოებს”.

შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გრძელდება. მოსალოდნელია, რომ პროექტს პირველი მოსმენით დღესვე უყრიან კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები