დაუშვილი: მითხარით ერთი სოციალური ჯგუფი, რომლის პრობლემებსაც ეს კანონი, რაიმე ფორმით აგვარებს, დღეს თქვენი ერთადერთი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა

17-04-2024 13:21:17 ,

"მითხარით ერთი სოციალური ჯგუფი, რომლის პრობლემებსაც ეს კანონი, რაიმე ფორმით ეხმიანება. მითხარით ერთი სოციალური ჯგუფი, რომლის პრობლემებსაც ეს კანონი რაიმე ფორმით აგვარებს. რეალობაა, რომ ეს კანონი არც ერთი სოციალური ჯგუფის პრობლემას არ აგვარებს. ერთადერთი, რომელი ჯგუფისთვისაც ეს კანონი არის მნიშვნელოვანი "ქართულ ოცნებაა". რატომ? იმიტომ, რომ დღეს თქვენი ერთადერთი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ქვეყანა რა ფასს იხდის. [...] შარშან ამ დროს თქვენ მთელ საქართველოს მათ შორის, უშუალოდ თქვენს ამომრჩველებს მოატყუეთ. მთავარი კითხვა, რაც მათ აქვთ, არის ის, რომ რა გარანტია აქვთ, რომ ხვალ კიდევ არ მოატყუბთ? ვინ არის დღეს გარანტორი იმისა, რომ ის ხალხი, ვინც თქვენ გიჭერდათ მხარს და ახლაც გიჭერთ მხარს, კიდევ ერთხელ არ იქნება მოტყუებული?", – მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა "ქართულ ოცნებას" პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელზეც"აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა განახლდა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები