ნაცვლიშვილი – "ოცნებას" დემოკრატიული კანონების მისაღებად სპეცრაზმს არ უქსევენ საკუთარ ახალგაზრდებს, თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც ვერ გადაურჩებით

17-04-2024 12:53:42 პოლიტიკა

"დემოკრატიული კანონების მისაღებად სპეცრაზმს არ უქსევენ საკუთარ ახალგაზრდებს, თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც ვერ გადაურჩებით", – ასე მიმართა "ლელოს" ერთ–ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა "ქართულ ოცნებას" პლენარულ სხდომაზე, სადაც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა განახლდა.

"მინდა, მივმართო, საქართველოს მოქალაქეებს და მოგიწოდოთ, გამოდით დღეს პარლამენტთან იმიტომ, რომ გავრილოვის უმრავლესობა აპირებს, მიიღოს რუსული კანონი ქართულად დაწერილი. დაგიწყვიათ ეს ევროპული და ქართული დროშები, რუსული დროშები გაქვთ თქვენ გადმოფენილი იმიტომ, რომ ემსახურებით რუსეთს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არგუმენტებს, რომ ითხოვთ, ნახეთ გუშინ თქვენი არგუმენტები – მუშტი და ძალადობა არის თქვენი არგუმენტები. დემოკრატიულ კანონებს არ სჭირდება ძალადობა. დემოკრატიული კანონების მისაღებად სპეცრაზმს არ უქსევენ საკუთარ ახალგაზრდებს. თქვენ გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს. ვერ გადაურჩებით. თქვენ გაქვთ იმედი სასამართლო კლანის. [...] გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ, მაგრამ თქვენ გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით. თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ამ ღალატისთვის. დავიცავთ ამ ქვეყანას. ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, მათ შორის დავიცავთ თქვენი შვილებისთვის და ყველას შვილებისთვის", – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან სიტყვით გამოსვლის დასასრულს მოქალაქეებს პროტესტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

"ერთადერთი რისი იმედიც აქვს გავრილოვის უმრავლესობას, არის მოქალაქეების იმ ნაწილის დუმილი, რომლის ხმაც ჯერ კიდევ არ ისმის, მაგრამ რომელიც ძალიან ძლიერად გაჟღერდება დღეს. ნუ დუმხართ, ნუ ხართ ჩუმად, ნუ გეშინიათ, ჩვენ გავიმარჯვებთ ერთობით. საქართველო გაიმარჯვებს თქვენთან ერთად".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები