აქციაზე დაკავებულები პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ

17-04-2024 12:22:03 საზოგადოება ,სამართალი

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულები ძალადობაზე საუბრობენ. ამას ადასტურებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელმაც ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა დაკავებული მომიტინგეები.

„მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ აქ, ყველა გამოკითხეს. რვა დაკავებულიდან, მე მგონი, ექვსი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ჩვენ რეაგირება გვექნება – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით ამ დოკუმენტებს და გავაგრძელებთ გამოძიების მონიტორინგს“,– თქვა ომბუდსმენმა.

ის დაკავებულებს დიღმის იზოლატორშიც მოინახულებს და თქვა, რომ შემდეგ დეტალურად ისაუბრებს ვითარებაზე.

ადვოკატი ლევან სამუშია, რომელმაც დიმის იზოლატორში მოინახულა დაკავებულები, ამბობს, რომ ირაკლი კუპრაძეს და გელა ხასაიასაც აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებების კვალი. ძალადობის შესახებ თავად კუპრაძეც იტყობინებოდა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 11 ადამიანია დაკავებული.

გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათისთვის, როდესაც აქციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ადგილზე მაინც რჩებოდა მომიტინგეთა გარკვეული ჯგუფი, შსს სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილმა დანაყოფებმა მოულოდნელად შეუტიეს დემონსტრანტებს. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ სცემენ მომიტინგეებს სპეცრაზმელები. ძალადობის შესახებ იტყობინებიან ჟურნალისტებიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები