შოთა არველაძე: არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს

17-04-2024 12:19:42 საზოგადოება

არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს.

“არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს“, - წერს შოთა არველაძე.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები