გია ჯაფარიძე: "დაიჭირეს და სასტიკად სცემეს ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე, დაკავებულია მისი ძმაც, რომელიც სკოლის მოსწავლეა"

17-04-2024 10:08:16 პოლიტიკა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ "აგნეტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დაიჭირეს და სცემეს "ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გია ჯოხაძე და დაკავებულია მისი ძმაც, სანდრო ჯოხაძეც, რომელიც სკოლის მოსწავლეა".

ჯაფარიძის "პოსტს" უცვლელად გთავაზობთ:

"დაიჭირეს და სასტიკად ცემეს ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე. Giga Jokhadze დაკავებულია მისი ძმაც, სანდრო Sandro Joxadze - სკოლის მოსწავლე. გიგასნაირი მშვიდი, გაწონასწორებული და თავმდაბალი ადამიანი ბევრი არ ვიცი. ჭიანჭველას რომ მართლა ფეხს არ დაადგამს. გიგაც დაიჭირეს. რუსული კანონის მიღების შემდეგ რას იზამენ, ადვილი წარმოსადგენია. რუსული კანონი ეხება ყველას, ყველა მოქალაქეს - სტუდენტებს, მოსწავლეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ფერმერებს, მეცნიერებს, შშმ პირებს, გარემოს დამცველებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს, ხელოვნებს, ყველას. რუსული კანონი კლავს საქართველოში დემოკრატიას, კლავს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას, კლავს საქართველოს თავისუფლებას. ახლა სახლში დარჩენა ნიშნავს, რომ ხვალ სახლში მოვა მდინარაძედ გადაცმული პუტინი. ესაა ნერვების ბრძოლა, ესაა გრძელი ომი, არ უნდა დავიღალოთ და უნდა დავღალოთ რუსები. ჩვენ მოვიგებთ ამ ბრძოლას. მადლობა ახალგაზრდებს, არც ვიცი რა სიტყვებით გამოვხატო ეს მადლობა. არა რუსულ კანონს !!! არა საქართველოს გარუსებას !!!".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები