ბეხლერი: "ვიმედოვნებ, პოლიტიკური ლიდერები გამოავლენენ პასუხისმგებლობას, რათა დაიცვან ქვეყანა შემდგომი პოლარიზაციისა და კონფლიქტისგან"

17-04-2024 09:58:49 პოლიტიკა

საქართველოში შვეიცარიის ყოფილი ელჩი, ეუთოს ყოფილი თანათავმჯდომარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის გიუნტერ ბეხლერი თბლისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და იმედს, გამოთქვამს, რომ "საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გამოავლენენ საკმარის სიმწიფესა და პასუხისმგებლობას, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა შემდგომი პოლარიზაციისა და კონფლიქტისგან".

როგორც მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, "აგენტების" შესახებ კანონმა არ უნდა მოიპოვოს უმრავლესობა დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში.

იგი მიიჩნევს, რომ ეს კანონი საქართველოსთვის არასაჭიროა.

  • "კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ არ არის წარმატების მომტანი და მან არ უნდა მოიპოვოს უმრავლესობა დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. ეს საშიშია და უამრავ პრობლემას ქმნის როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის შეუთავსებელია ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ საფუძვლებთან და არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ისევე, როგორც საქართველოს ყველა პარტნიორი დასავლურ დემოკრატიებში, უარყოფს ამ არასაჭირო პროექტს. იქედან გამომდინარე, რომ საქართველო რამდენიმე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას - კერძოდ, ცხრა ნაბიჯის სრულფასოვნად განხორციელება - შეიძლება, მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გამოავლენენ საკმარის სიმწიფესა და პასუხისმგებლობას, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა შემდგომი პოლარიზაციისა და კონფლიქტისგან", – განაცხადა ბეხლერმა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები