ზვიად ქორიძე: „ივანიშვილი საქართველოში საკონსტიტუციო გადატრიალებას გვიწყობს!“

17-04-2024 01:10:51 კომენტარი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ემალება საკუთარ ხალხს და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არაერთგზის დაფიქსირებული აზრის სრული უგულებელყოფით „აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა იღებს იმ კანონს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი და ეგზისტენციური საფრთხის შემცველია“.

„დღეს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვანებმა დამაზიანებელი აირები გამოიყენეს.... რატომ იდგნენ ეს ძალოვანები იქ, რას იცავდნენ მშვიდობიანი მომიტინგეებისაგან? - იცავდნენ დეპუტატებს, რომლებიც უნდა გაეპარებინათ დღესაც, ისევე, როგორც გუშინ და წინა წლის მარტის მოვლენებისას... ანუ, საქართველოს მოქალაქეებისგან ფარულად უნდა დაეტოვებინათ ქვეყნის პარლამენტი მოსახლეობის მიერ არჩეულ დეპუტატებს... აი, ესაა ის უმძიმესი სურათი, რომელიც შექმნილია სადღეისოდ საქართველოში: ჩვენ დღეს პარლამენტში ის ხალხი გვყავს, რომელიც ემალება, არ და ვერ ელაპარაკება საკუთარ საზოგადოებას... ვერ ელაპარაკება იმაზე, რის მიღებასაც აპირებენ და რატომ აპირებენ... და აი, ასეთი ხალხი, ეს აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა გვიზის დღეს პარლამენტში, რომელიც დაუფიქრებლად ემორჩილება ზემოდან ბრძანებებს, არ ფიქრობს, არ მსჯელობს, მბრძანებელს ყველაფერზე თავს უქნევს, ოპოზიციისა და ხალხის მიმართ კი არჩეული აქვს ტაქტიკა - „იხმაურეთ, იყაყანეთ, რამდენიც გინდათ - მაინც არ მოგისმენთ, მაინც არაფერს გავითვალისწინებთ, გარდა მრძანებლის აზრისა, რამდენი ათასიც არ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში“... აი ასე, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არაერთგზის დაფიქსირებული აზრის სრული უგულებელყოფით იღებს ეს აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა იმ კანონს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი და ეგზისტენციური საფრთხის შემცველია“,– ამბობს ზვიად ქორიძე.

მისი თქმით, „მთელი ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიდის, განსაკუთრებით - ბოლო ორი კვირა, რაც მოხდა ამ კანონის ხელახალი ინიცირება, არის ივანიშვილის მიერ საქართველოში ჩვეულებრივი საკონსტიტუციო გადატრიალების მოწყობა“:

„ის დღეს არ ეყრდნობა არანაირ მანდატს, არანაირ სახალხო მხარდაჭერას, იგნორირებას უწევს რეფერენდუმის გადაწყვეტილებას, ღიად მიდის ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ და ამისთვის იყენებს პარლამენტში მჯდომ პატარა, აგრსიულად მორჩილ ჯგუფსა და აქტივისტების კიდევ უფრო პატარა ჯგუფს, რომელსაც „იმედიდან“ „პოსტივისა“ და „რუსთავი 2“-ში დაატარებს... წრეზე მოტრიალე ეს პატარა ჯგუფი ერთი და იგივე ადამიანებისა რას ეუბნება საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს? - იმას, რომ საქართველომ დამოუკიდებლობაზე უნდა თქვას უარი: ასე მწვავედ ბოლო 33-35 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების წინაშე საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი არასოდეს მდგარა - 2008-შიც კი არ მდგარა, სამხედრო ინტერვენციის მიუხედავად, რადგან მაშინ საზოგადოებამ აჩვენა ერთსულოვანი განწყობა!... დღესაც საზოგადოება ერთსულოვანია და სწორედ ამ ერთსულოვნებას ებრძვის ბიძინა ივანიშვილი, რაც გრძელვადიანი პროცესია, დღეს არ დაწყებულა - დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ივანიშვილმა ფაქტობრივად, თქვა, რომ უნდა, ავტორიტარიზმი ქვეყანაში და არ შეეგუება არანაირ კოალიციას, არანაირ კოლექტიურ მმართველობას, არანაირ კონსენსუსს - აი მაშინ დაიწყო უკვე ეს ყველაფერი... და ეს პროცესი დღეს არ დასრულდება, ამ კანონის მიღებით არ დასრულდება“.

მისი ხედვით, „აგენტების კანონის“ მიღებით „უნდათ იმ ნეკროზის დაწყება, რომელიც საქართველოში გაანადგურებს კრიტიკულ აზროვნებას, აკადემიურ სივრცეს, თავისუფალ მედიას“:

„სწორედ ესაა, რაზეც დუგინი წერდა გუშინ, ის, რაც დღეს ხელს უშლის საქართველოში რუსეთის ლაღად შემოსვლას! რუსეთს არ აწყობს, საქართველოში თავად შემოვიდეს და მერე თავად ანადგუროს ეს კრიტიკული შემაკავებელი ფაქტორები...ეს არ უნდოდა არც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში - მაშინაც ისევ ქართველების ხელით გაანადგურა არისტოკრატიაც, მედიაც, აკადემიური სივრცეც და მერე გაცილებით თამამად და თავისუფლად გაშალა საქართველოში ფრთები; მე-19 საუკუნის 20-იან-30-იან წლებშიც ქართველებს გააკეთებინა ეს და მერე რამდენი შრომა დასჭირდა ილია ჭავჭავაძეს, რომ საზოგადოებისგან გამოეძერწა თანამედროვე ქართველი ერი... რატომ მიჰყავს დღეს კვლავ თვითმკვლელობაზე ქართული სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილს? ასეთი რა ვალდებულება აქვს აღებული?! - დღეს სწორედ ესაა პრობლემა! ქართული საზოგადოება არ მიდის თვითმკვლელობაზე, ქართული საზოგადოება იბრძვის ყველას თვალწინ და პარლამენტთან ამ დღეებში ქართული საზოგადოების მხოლოდ ნაწილი დგას: უკვე საჯარო მოხელეებიც წერენ, ვერც ისინი აიტანენ იმას, რომ აღმოჩნდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასამარების მონაწილეები... ამაში მონაწილეობა არც ერთ ქართველს არ სურს, რეალურად, პარლამენტში მყოფ მორჩილ უმრავლესობასაც კი არ სურს - იმიტომაც იპარებიან დაცვის თანხლებით, იმიტომაც ვერ და არ ესაუბრებიან საკუთარ ხალხს... მაგრამ თუ ხვალ მოვლენ და კვლავ მორჩილად დააჭერენ ღილაკს ხელს საქართველოში აი ამ ნეკროზის პროცესისთვის სტარტის მისაცემად, ისინი გახდებიან მისი უშუალო მონაწილეები... თუმცა არ გამოვა, არ გავა, ხალხის პროტესტს ვერ მოერევიან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები