პარლამენტთან სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

17-04-2024 00:54:34 საზოგადოება

პარლამენტის მიმდებარედ, ზუბალაშილების ქუჩაზე ადგილზე დარჩენილი რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. საუბარია, სულ მცირე 5 დემონსტრანტზე. უცნობია, რას ედავებიან მათ. მანამდე შსს ადმინისტრაციული წესით 11 დაკავებულის შესახებ იტყობინებოდა.

აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს.

სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის, ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს და „ტაბულას" ჟურნალისტს გიორგი ბადრიძეს.

როგორც გამოცემები წერენ, ჟურნალისტები თავდასხმის დროს საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

ამ დროისთვის პარლამენტთან აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა ადგილზე რჩებიან დემონსტრანტები, მათ შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციური ძალებიც იყვნენ მობილიზებული, თუმცა მათ პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა ისინი აპლოდისმენტებით და შეძახილით, „საქართველო“ გააცილეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ პროექტს პირველი მოსმენით დღესვე უყრიან კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები