ომბუდსმენი: ვადგენთ დაკავებულების ადგილსამყოფელს

16-04-2024 23:21:02 საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ადგენენ 16 აპრილის აქციაზე დაკავებულების ადგილსამყოფელს.

"სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობას 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს!" - წერია განცხადებაში.

პარლამენტის უკანა მხარეს ვითარება დაიძაბა. პოლიციურმა ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალება, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დაფიქსირდა დაკაების ფაქტებიც. ცნობილია, რომ მათ შორის არიან "გირჩი – მეტი თავისუფლების" და "ლელოს" წევრები. ამ დროისთვის ტერიტორია პოლიციურ ძალებს აქვთ დაკავებული. დაკავებულების შესახებ შსს–ს არაფერი უთქვამს.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ პროექტს პირველი მოსმენით ხვალვე უყრიან კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები