TI: "კლანის" სანქცირებულ ლიდერს 4 წლის განმავლობაში არც ერთი საქმე არ განუხილავს, თუმცა 448 020 ლარის ანაზღაურება აიღო

16-04-2024 12:53:33 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის მოსამართლეებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებს.

კერძოდ, ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ცნობებით, ჩინჩალაძის 16–წლიანი მოსამართლის კარიერიდან 4-წლიანმა მონაკვეთმა (2010-2013 წწ) ისე გაიარა, რომ მას არც ერთი საქმე არ განუხილავს, თუმცა მან 448 020 ლარის ანაზღაურება აიღო:

„ეს იმ ფონზე, როცა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადატვირთულობა და მათ შორის ამ მიზეზით, საქმეთა გაჭიანურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

დანარჩენ წლებშიც მიხეილ ჩინჩალაძე თვეში საშუალოდ მხოლოდ 2 საქმეს განიხილავდა მაშინ, როდესაც სხვა მოსამართლეებს წლის განმავლობაში ასობით საქმის განხილვა უწევთ. მაგალითისთვის, 2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ განხილული საქმეების საშუალო მაჩვენებელი 273 იყო".

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მიხეილ ჩინჩალაძე "სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა ე.წ. კლანის ხელმძღვანელი და აშშ-ს მიერ კორუფციისთვის დასანქცირებული მოსამართლეა".

"ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძე კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს, რასაც სასამართლო კლანი და ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება. არადა, ეს შემოწმება აუცილებელი წინაპირობაა, რათა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება შეძლოს,“ - დასძენენ ორგანიზაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები