მეთიუ მილერი – სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას

16-04-2024 00:48:44 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას". ამის შესახებ პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით განაცხადა.

„სანქციები დაწესდა, რათა ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე, ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, - განაცხადა მილერმა.

2023 წლის 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ. ესენი არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

როგორც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, "აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები