ხვალ პარლამენტთან ორი აქცია დაანონსდა

16-04-2024 00:27:19

ხვალ "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტთან ორი აქცია დაანონსდა.

პირველი 12:00 სთ–ზე საკანონმდებლო შენობის უკან, მეორე კი 19:00 სთ–ზე საკანონმდებლო შენობის წინ გაიმართება.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების" შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკომიტეტო განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ხვალ კანონპროეტს სავარაუდოდ, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები