თბილისი და სოხუმი - წარსულსა და აწმყოს შორის

13-04-2024 16:59:15 კონფლიქტები

ლოზუნგმა „აფხაზეთი საქართველოა“, რომელსაც საბერძნეთთან ამასწინანდელი ლეგენდარული მატჩის შედეგ ქართველი ფეხბურთელები გაჰყვიროდნენ, სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში დიდი შფოთვა გამოიწვია. თუ თავიდან ბევრი აფხაზი გულწრფელად ულოცავდა ქართველებს ისტორიულ გამარჯვებას ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ მატჩში, მით უფრო, რომ მასში გადამწყვეტი გოლი სწორედ აფხაზეთის მკვიდრმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა, ხსენებული ლოზუნგის გაჟღერების შემდეგ მათი განწყობა შეიცვალა - ცხადია, უარესობისკენ. მაგრამ ამ შემთხვევამ გამოავლინა ერთი დეტალი, რომელსაც პოლიტიკური ინტერნეტ-ბატალიების ქარ-ცეცხლში ერთი-ორმა თუ მიაქცია ყურადღება: 30 წლამდელთა თაობებმა ერთმანეთის შესახებ არაფერი იციან და შესაბამისად, მათი წარმოდგენები მნიშვნელოვნადაა მოწყვეტილი რეალობას.

აფხაზებმა ქართველი ფეხბურთელების საქციელში რევანშიზმი, აგრესიული ზრახვების დემონსტრირება დაინახეს. არადა, სპოსრტსმენებს სულ სხვა რამ ჰქონდათ მხედველობაში. და აი, ამ ნიუანსების აღქმა არ არსებობს - არც ერთ მხარეს.

როცა ქართველების შესახებ აფხაზების მსჯელობებს ვკითხულობ, 30 და შესაძლოა, 40 წლითაც ვახალგაზრდავდები. ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს დროის მანქანაში ჩამსვეს და სადღაც უკან, გვიანი საბჭოეთის პერიოდში გადამისროლეს. იმაში, რასაც აფხაზები ქართველებზე წერენ, ერთადაა თავმოყრილი ყველა შტამპი და სტერეოტიპი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ქართველის სტერეოტიპული ხატი - ეს არის მარადმწვანე თამადა, ქედმაღალი და მკვეხარე, რომელიც თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევს, თან ნაციონალისტია და სძაგს ყველა სხვა ხალხი, უპირველესად კი - აფხაზები …

საშუალოსტატისტიკური აფხაზი ქართველებზე საუბრისას 1980-იანების სურათს სახავს - სავარაუდოდ, იმიტომ, რომ სწორედ ასეთად ახსოვთ ქართველები მის ნათესავებს, რომელთაგანაც გაუგია ის ყველაფერი, რაც ენგურსგაღმელებზე იცის. არადა, ცხოვრებამ ენგურსგაღმელებს უამრავი მძიმე ტრავმა მიაყენა, რამაც ადამიანების აზროვნებასა და ცხოვრების ნირში სერიოზული ცვლილებები გამოიწვია.

სხვათა შორის, ფეხბურთისადმი მიდგომებში განსხვავებაც ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის მიღწევების გაზვიადება არ ღირს - ისინი ჯერ წინაა. მაგრამ ის, რომ დისციპლინა და ორგანიზებულობა დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე 1980-90-იან წლებში, უდავოა.

30 წლამდე ასაკის საშუალოსტატისტიკურმა აფხაზმა იცის 1980-იანი წლების საქართველო. რაც არცაა გასაკვირი: ქართველების მაშინდელი თაობა ხომ ბოლო იყო, რომელმაც აფხაზების გვერდში იცხოვრა. თუმცა არც ენურსგაღმაა ამ კუთხით საქმე უკეთესად, ის კი არადა ბევრად უარესადაც კია: აქ ადეკვატური აღქმის ნატამალსაც კი ვერ იპოვით, საქართველოს დანარჩენი ნაწილი აფხაზეთის შესახებ უმთავრესად თავის ფანტაზიებში ცხოვრობს.

ძალიან ძალიან უხეშად რომ დავყოთ, მივიღებთ ქართველების ორ ბანაკს.

ერთი, შედარებით მცირერიცხოვანი - ეს ქართველი ტრადიციონალისტებია, ისინი, ვინც სოცქსელებში ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებენ ერთდროულად რუსეთსაც, თურქეთსაც, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც; ვინც მზადაა, სიცოცხლის ბოლომდე იდავოს მეზობლებთან, ვინ ვის დაუწერა ალფავიტი, ვინ მიიღო პირველმა ქრისტიანობა... ისინი, ვინც თვლის, რომ მთელი მსოფლიო ვალშია მათ წინაშე, რომ ამერიკული ავიაციის მამა ქართველი იყო - და ამ ყველაფრით ძალიან ამაყობენ. ისინი უმცირესობაში არიან. ეს უმთავრესად უფროსი თაობაა, რომელიც ირგვლივ ყველაფრით უკმაყოფილოა. ანტივაქსერები, შეთქმულების თეორიების მოყვარულები, დარწმუნებულები იმაში, რომ ამერიკელებმა 11 სექტემბერს თაუერები თავად ააფეთქეს... მათი შეხედულებები აფხაზეთზე სრულიად მოწყვეტილია რეალობას და 40 წლის წინანდელ შაბლონებს ეყრდნობა. მაგრამ სწორედ მათ მაგალითზე მიეჩვივნენ აფხაზები ენგურსგაღმელების შესახებ მსჯელობას... ამ კატეგორიის წარმომადგენლებს ორი ძირითადი თეზისი აქვთ: «რა აფხაზეთი? იქ ხომ ყველაფერს რუსეთი განაგებს: რასაც რუსები ეტყვიან, იმას გააკეთებენ» და «არ არსებობს არანაირი აფხაზი ერი, აფხაზები ქართული ტომი იყო, ხოლო ისინი, ვინც დღეს სახლობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფსუები არიან“... იმაში, რომ ორივე მტკიცება მცდარია, მათ ვერასდროს დაარწმუნებთ. მათ ხომ რეალურად სწამთ, რომ იესო მეორედ მოსვლის შემდეგ ქართულად ისაუბრებს... ასეთებს რაზე უნდა ელაპარაკო?!

გაცილებით საინტერესოა მეორე ბანაკი - მეინსტრიმული თაობა, ისინი, ვინც ეხლა 30 წლამდე ასაკისაა. სწორედ ეს თაობა მოვა ძალიან მალე ხელისულებაში და დაკავდება პოლიტიკით. მასში კი სჭარბობს პროპაგანდისტული შტამპი „ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების“ შესახებ. რადიკალური ვარიანტია „ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები“.

საქართველომ გრძელი გზა განვლო ომიდან თეზისამდე „აფხაზები და ოსები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ხოლო ის, რომ ჩვენ მათთან ნაჩხუბრები ვართ, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრალია“. „რომ არა მოსკოვის ჩარევა, აფხაზებთან არაფერი გვაქვს გასაყოფი“ - ასეთია ენგურსგაღმა გავრცელებული წარმოდგენა. თითქოს არ ყოფილიყოს არანაირი კონფლიქტი, 1990-იანებში კი რუსეთთან ვიომეთ.

როგორ გახდა ეს შესაძლებელი? - აქ ორი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

პირველი - ეს ენგურსგაღმეთის ზოგადი ევროპეიზაციაა, ევროპული გავლენის ზრდა და შედეგად წარმოდგენების შერბილება, ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვანი რამაა, რომელიც ეხება როგორც ლგბტ-თემისადმი მეტ ტოლერანტობასა და დისკოტეკებს, ისე იმის აღქმას, რომ ქართველების გარდა არსებობენ სხვა ერებიც, რომელთა მსოფლმხედველობა შეიძლება, ჩვენისგან განსხვავებული იყოს.

მეორე ფაქტორი კი თითქმის 20-წლიანი პროპაგანდაა, მიმართული საზოგადოებაში იმ აზრის ფორმირებაზე, რომ რეალურად, ომი რუსეთმა დაიწყო, რომელმაც აფხაზეთი გამოიყენა. ეს ქვეყნის ხელმძღვანელების სტანდატული პოზიციაა ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის ეპოქიდან - „აფხაზებთან არავითარი პრობლემა არ გვაქვს და რომ არა რუსეთი, დიდი ხნის შეთანხმებულები ვიქნებოდით“

20-წლიანმა პროპაგანდამ თავისი ეფექტი იქონია: ენგურსგაღმელების უმრავლესობა, მათ შორის 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდობის 90% დარწმუნებულია, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და თუ რუსეთი იქიდან გავა, ჩვენ ძალიან მალე შევთანხმდებით. სწორედ „შევთანხმებით“ და არა „დავიპყრობთ“, „გავყრით“, „ომით შევალთ“ - ისინი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან...

აქვე ვიტყვი: ახალგაზრდა ქართველების უმეტესობის აზრი მცდარია, რადგან რუსული მდგენელის გარდა, რომელსაც უდავოდ აქვს ადგილი, არსებობს საკუთრივ ქართულ-აფხაზურიც. ორი ერი, რომელთაგან თითოეული თავს აბორიგენად თვლის... - ადამიანებს ერთმანეთში ნაკლები მიზეზითაც უომიათ და თუნდაც რუსეთი აფხაზეთიდან გავიდეს, კომპრომისისა და მშვიდობის მიღწევა არ იქნება ისეთი მარტივი, როგორადაც ამ ახალგაზრდებს წარმოუდგენიათ.

თუმცა მათ ეს არ იციან. შედეგად, ახალ თაობაში არ არსებობს რევანშიზმი, მისი ადგილი დაიკავა აფხაზებისადმი საყოფაცხოვრებო აგრესიის ნულოვანმა დონემ. ახალგაზრდა ენგურსგაღმელი რომ სადმე აფხაზს გადაეყაროს, ეს მასში სხვადასხვა, მაგრამ მხოლოდ დადებით ემოციებს გამოიწვევს, უპირველესად კი - ალბათ, ინტერესს, ცნობისმოყვარეობას, რადგან მისთვის ცოცხალი აფხაზის დანახვა რომელიმე მითიური არსების დანახვის ტოლფასია. კიდევ ბევრი რამ შეიძლება, იგრძნოს, მაგრამ ერთადერთი, რაც ნამდვილად არ ექნება, ესაა აგრესია, ძალადობის სურვილი და მცდელობა, აფხაზს წარსულის გამო ბოდიშის მოხდა აიძულოს.

ენგურსგაღმელების ახალი თაობის პაციფიზმი - ეს სახელმწიფო პოლიტიკისა და ევროპული ფასეულობების პრიორიტეტულობის ერთობლივი შედეგია.

და ეს სწორედ ისაა, რაც ქართული ნაკრების ფეხბურთელებს ჰქონდათ მხედველობაში - სწორედ ეს და არა ის, რადაც მათმა აფხაზმა თანატოლებმა აღიქვეს..

თენგიზ აბლოთია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები