უფლებადამცველები: რუსმა სამხედროებმა სომხეთში გაიტაცეს პირი, რომელმაც ომში წასვლაზე უარი თქვა

10-04-2024 10:14:21 კავკასია

სომხეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეა-ვანაძორი“ ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული, რუსეთის 102-ე ბაზის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებებსა და ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრიში უკანონოდ დააკავეს რუსეთის მოქალაქე ანატოლი შჩეტინინი, რომელსაც რუსულ არმიაში გაწვევა არ სურდა და თავი სომხეთს შეაფარა.

უფლებადამცველების ცნობით, შჩეტინინი 102-ე ბაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და თვითმფრინავით რუსეთში დაბრუნებას უპირებენ. მას სამშობლოში დეზერტირობის მუხლით გასამართლება ელოდება.

როგორც იუწყებიან, რუსეთის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ანატოლი შჩეტინინი გიუმრიში, რუსეთის საკონსულოდან გამოსვლისას დააკავეს. შჩეტინინმა მოასწრო და დაურეკა ნაცნობს, რომელმაც თავის მხრივ, დაკავების ფაქტი უფლებადამცველებს შეატყობინა.

„ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეა-ვანაძორი“ სომხეთის გენერალურ პროკურატურას და შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები უკანონოდ დაკავებული შჩეტინინის გასათავისუფლებლად და მის გამტაცებლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ.

ეს პირველი შემთხვევა არაა. 2023 წლის დეკემბერში, 102-ე ბაზის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გიუმრიში დააკავეს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე დმიტრი სეტრაკოვი, რომელმაც უკრაინაში საომრად წასვლაზე უარი თქვა და თავი სომხეთს შეაფარა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები