აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში

09-04-2024 14:20:18 კავკასია

აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 9 აპრილის დილით გაავრცელა ცნობა, რომ 8 აპრილს 23:35-23:45-ის შუალედში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მათ პოზიციებს ლაჩინის რაიონში. ამავე ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა შეასრულეს "ადეკვატური საპასუხო მოქმედებები".

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.

როგორც სომხეთის თავდაცვაში აცხადებენ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 8 აპრილს, 22:50-22:55-ზე სიუნიქის ოლქის ორი სოფლის მახლობლად მდებარე სომხური პოზიციების მიმართულებით გახსენეს ცეცხლი.

ბოლო პერიოდში სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში სიტუაცია პერიოდულად იძაბება და ხშირდება შეიარაღებული ინციდენტები, არის მსხვერპლიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები