მოსამართლეების დევნა განსხვავებული აზრისთვის?

02-04-2024 18:12:37 ეს საინტერესოა

მოსამართლეები, რომელთაც სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე დანიშნულ პირთა კეთილსინდისიერების ხელახალი შემოწმების მექანიზმზე დადებითი პოზიცია საჯაროდ გამოხატეს, მათ წინააღმდეგ კამპანიის აგორებაზე საუბრობენ.

მაგალითად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე აცხადებს, რომ ვეტინგზე მის პოზიციას ქმრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა.

"მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია საღ აზრზე დარჩენა მიუხედავად პროფესიული თუ სხვა პირადი შეხედულებებისა. ადამიანის უფლებების დაცვაზე თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ამ საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გიორგი ფაქტობრივად იძულებული გახდა, შეეწყვიტა ხელშეკრულება და წამოსულიყო იმ სამსახურიდან, სადაც ბოლო წლები მუშაობდა. ასე ესმით კეთილსინდისიერება საქართველოში"- დაწერა მოსამართლემ სოციალურ ქსელში.

მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე წერდა განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ დაწყებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაზე. საქმე ეხებოდა არეშიძისა და მისი სხვა კოლეგების მოგზაურობას რომში, სადაც მოსამართლემ მეგობრებთან ერთად აღნიშნა დაბადების დღე. სამთავრობო მედიები, მმართველი გუნდის წევრები კი ამ მოგზაურობას წარმოაჩენენ იმგვარად, თითქოს ვეტინგის მომხრე მოსამართლეები აშშ-ის საელჩოს მართლმსაჯულების კურატორმა ამოგზაურა.

არეშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტი პირადი ხასიათის იყო და რომ სასწავლო ვიზიტები სხვაგვარად იგეგმება.

"მაოცებს ის პანიკა, რაც ჩემი და ჩემი მეგობრების იტალიაში გატარებულმა შვებულებამ გამოიწვია. საერთოდ არ ვაპირებდი გამოხმაურებას და რამის ახსნას, მაგრამ რადგან ვრცელდება დეზინფორმაცია, ამ საჯარო პოსტით იმედია დავაკმაყოფილებ ცნობისმოყვარეთა ინტერესს.

ჯერ კიდევ სექტემბერში გადავწყვიტე განსხვავებულ გარემოში შევხვედროდი ამ თარიღს. თანამოაზრეეებიც შემოვიკრიბე (ამ საკითხში), რა თქმა უნდა ჩემი მეგობრები. იმისთვის რომ ვიზიტი სასიამოვნოც ყოფილიყო და ბიუჯეტურიც, ნოემბერში შევიძინეთ ავიაკომპანია ვიზიარის ბილეთები. იანვრის ბოლოს დავჯავშნეთ სასტუმრო, 3 ვარსკვლავიანი, ქალაქ რომში, 3 და 2 ადგილიანი ნომრები. თებერვალში დამატებით გადავიხადეთ ბარგის თანხა. ეს ყველაფერი სართო ჯამში თითოეულს დაგვიჯდა 2000 ლარამდე (შეიძლება ვინმეს გამოადგეს ეს გამოცდილება) [...] არ ვთვლი, რომ ვინმეს ანგარიში უნდა ჩავაბარო, სად და ვისთან ერთად დავისვენებ თუ ვიცხოვრებ.

რაც შეეხება ვეტინგს, ამაზე პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე, დავაზუსტებ რომ ვეტინგს არ ვეწინააღმდეგები, თუ ამის საჭიროებაა. ალიბი არ გვჭირდება. სხვათაშორის ჩემი ამ გეგმის შესახებ, ჩემმა სხვა ბევრმა კოლეგამაც იცოდა, ასევე ისიც თუ ვისთან ვმეგობრობ წლებია, არ არის საიდუმლო. სასწავლო ვიზიტები სხვაგვარად იგეგმება და ფინანსდება, სადაც მხოლოდ მე და ჩემი მეგობრები არ დავდივართ. ეს კამპანია იმ მოსამართლეთა დისკრედიტაციას ემსახურება ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა არ არის პრობლემა, ყოველთვის მქონდა და მექნება ჩემი აზრი და პოზიცია".

პროცესზე დამკვირვებლებს, მმართველი გუნდის და „კლანად“ მოაზრებული მოსამართლეების ხისტი პოზიციონირების გამო, უცნაური დამთხვევების არ სჯერათ და აქვთ განცდა, რომ მოსამართლეებზე ზემოქმედების მცდელობებს ვადევნებთ თვალს.

„როგორც ჩანს, მოსამართლეების მცირე ჯგუფს, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, დაუპირისპირდა მოსამართლეების შიდა გავლენიანი ნაწილი“,– ფიქრობს „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი.

„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელმა ასევე გაიხსენა, რომ მოსამართლე გიორგი ებანოიძემ მოსამართლეთა კონფერენციაზე "დააზუსტა" მისი პირვანდელი განცხადება.

„მთავარი ისაა, რომ თავდაპირველად ის არ გამოხატავდა წინააღმდეგობას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თაობაზე, მოგვიანებით მის მიერ გაკეთებული განმარტებები სხვა არაფერია, თუ არა პოზიციის შეცვლა. რამ ან ვინ აიძულა, რომ პოზიცია შეეცვალა? აქვე დავამატებ, რომ ჩემი ინფორმაციით, გიორგი ებანოიძის ცოლიც სასამართლოში მუშაობს.

ჩნდება კითხვა, ეჭვიც და ვარაუდიც: მოსამართლეებს ოჯახის წევრებით აშანტაჟებენ?“ - კითხულობს ჯანეზაშვილი.

ინფორმაციისთვის: მოსამართლე მაისურაძის მეუღლე არის ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელიც სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სპეციალისტად მუშაობდა. იყო სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე.

სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაქვემდებარებული ორგანოა და საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მოსამართლე გიორგი ჩემიასთან დაკავშირებითდღეს 2 აპრილს განაცხადა, რომ ის წლები მუშაობდა საერთო სასამართლოების დეპარატმენტში, ბოლო პერიოდში კი სისტემატურად არ ცხადდებოდა სამსახურში, ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან:

„მას, სხვა თანამშრომლების მსგავსად, შეეთავაზა, რომ სამსახურში დროულად გამოცხადებულიყო და სრული სამუშაო დატვირთვით ემუშავა (კოლეგების თანასწორად), რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ მისთვის ეს გრაფიკი მიუღებელი იყო და ვერ შეძლებდა ინტენსიურ სიარულს, რის შემდეგაც სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაბამისად, სიცრუეა, რომ იგი ვინმემ აიძულა შეეწყვიტა სამსახურებრივი ხელშეკრულება და ეს არის მიზნმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა.“

ჯანეზაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ჩემია ღიად ისაუბრებს სასამართლოში ამჟამად არსებული ვითარების შესახებ, ასევე ენმ–ის მმართველობის პერიოდზეც, რომლის პრობლემურობასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაწინაურებული მოსამართლეები არ აღიარებენ.

„გიორგი ჩემია იყო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, მასთან მიმართებით არსებობდა კითხვები და ალბათ ახლაა დრო, მან დაიწყოს ღიად პალარაკი, რა ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამდე და რა ხდება ახლა – როგორ ახდენს „კლანი“ ზეწოლას მოსამართლეზე მისი პოზიციის გამო“,– ხაზს უსვამს ჯანეზაშვილი.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი გურო იმნაძე ამბობს, რომ ხსენებული შემთხვევები არ არის გამონაკლისი: „აქამდეც ვიცოდით, რომ მოსამართლეები, რომლებიც განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ, არ უშინდებიან პრობლემებსზე საუბარს, ექვემდებარებიან ზალიან დიდ წნეხს და ეს არ არის გამონაკლისი“. ის მიესალმება, რომ მოსამართლემ ხმამაღლა საუბრობს პრობლემებზე.

ცნობისთვის: ევროკომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მთავრობამ ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება. „ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასების მექანიზმი და ცდილობს, მსგავსი მოთხოვნის ინიციატორებად არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოაჩინოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები